ირაკლი კობახიძე - ბოლო პერიოდში განხორციელდა ორი ტერაქტი სლოვაკეთსა და აშშ-ში, სუს-ში დაწყებული გამოძიება მიანიშნებს, რომ ეს საფრთხეები აქტუალურია საქართველოსთვისაც
ბოლო პერიოდში განხორციელდა ორი ტერაქტი სლოვაკეთსა და აშშ-ში. სუს-ში დაწყებული გამოძიება მიანიშნებს, რომ ეს საფრთხეები აქტუალურია საქართველოსთვისაც, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთი აქტების პრევენცია მოხდეს, რისთვისაც სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს.
„სუს-ის ინფორმაცია ძალიან შემაშფოთებელია, მით უმეტეს, იმ ფონზე, რაც ხდება ზოგადად მსოფლიოში. ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა ორი ტერორისტული აქტი, ერთი სლოვაკეთში, მეორე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის საერთო ხელწერა, რომელიც ახასიათებთ ერთსა და იმავე გლობალურ პოლიტიკურ ძალებს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საფრთხეები არსებობს და გამოძიება, რომელიც არის დაწყებული, მიანიშნებს, რომ საქართველოსთვისაც ეს საფრთხეები აქტუალურია.
ასევე, გახსოვთ სატელეფონო საუბარი, რომელიც შედგა ერთ-ერთ ევროკომისართან. მოგვიანებით ევროკომისარმა თავადვე აღიარა, რომ ჰქონდა ერთგვარი გაფრთხილება ტერაქტთან დაკავშირებით. აღიარა, რომ გამაფრთხილა ტერაქტთან დაკავშირებით. ტერაქტთან დაკავშირებით რომ გამაფრთხილა, რეალურად, ამაზე იყო საუბარი მისი მხრიდანაც, უბრალოდ, მან თქვა, რომ პოლარიზაცია იქნებოდა ის, ვინც ისროდა ტყვიას. მოგეხსენებათ, პოლარიზაცია ტყვიას არ ისვრის, ტყვიებს ისვრიან კილერები. ეს არ იყო პირადად ევროკომისრის გაფრთხილება, ის გამოიყენეს, როგორც მესენჯერი იმისათვის, რათა მოეწოდებინა შესაბამისი ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის შემაშფოთებელი, ვიღაცებს არ მოსწონთ ის პოზიცია, რომელიც უკავია საქართველოს ომთან მიმართებით. ასეთ პირობებში საფრთხეები არსებობს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებითა და დაფინანსებით დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებზე.