ირაკლი კობახიძე - ბოლნისის ოლქში დაპირისპირება გვიწევს ძალიან დიდ ფულთან, რომელსაც კახა ოქრიაშვილი არიგებს
ბოლნისის ოლქში დაპირისპირება გვიწევს ძალიან დიდ ფულთან, რომელსაც კახა ოქრიაშვილი არიგებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ბოლნისის შტაბში თანხების შესაძლო მიღებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
როგორც კობახიძე აცხადებს, რიგ შემთხვევებში „ოცნების“ მიმართ მსგავსი ბრალდებები ისმის, თუმცა ფაქტებზე ვერავინ საუბრობს.
„ბოლნისის ოლქში გვიწევს დაპირისპირება ძალიან დიდ ფულთან, რომელსაც კახა ოქრიაშვილი არიგებს. იგივე ხდება მცხეთა-მთიანეთში და რამდენიმე სხვა ოლქში. კახა ოქრიაშვილი ძალიან დიდ ფულს არიგებს. მაგალითად, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რამდენი ხელფასიანი აგიტატორი ჰყავს და ამ აგიტატორებს ორი თვის განმავლობაში რამდენს უხდის. ეს თანხები დეკლარირებული არ არის, რესურსი აქვს, ვადასტურებთ. მუდმივად გვესმის, რომ რაღაც ფაქტები არსებობს, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ გვაქვს სახელი გვარი და ფაქტის აღწერილობა. თეორიულად, არ გამოვრიცხავთ, რომ X შტაბში ვიღაცა ვიღაცას რაღაცას აძლევდეს, მაგრამ გვითხარით, სახელი და გვარი ვინ რა გააკეთა და რეაგირება გვექნება. ბრალდებები მუდმივად გვესმის ისე, რომ არც ერთ დეტალს არავინ არ გვეუბნება. ასეთ დროს რეაგირების საშუალება არ გვაქვს“, – განაცხადა კობახიძემ.