ირაკლი კობახიძე - ბლინკენის განცხადებაში საუბარია კორუფციაზე და ამის უკან დგას კორუფციული პროცესები, შემაშფოთებელია, რომ პირდაპირ სახელმწიფო მდივანი გასვარეს ასეთი განცხადებით
განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ პირდაპირ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი გასვარეს ასეთი განცხადების დადებისას, რაც არის ძალიან ცუდი, ძალიან მძიმედ მეტყველებს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ასეთი ინფორმაცია მიაქვთ სახელმწიფო მდივნამდე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას საქართველოს ოთხი მოსამართლისთვის სანქციების დაწესების თაობაზე.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ენტონი ბლინკენის განცხადებაში საუბარი იყო კორუფციაზე და ამ განცხადების უკან კორუფციული პროცესები დგას.
„კორუფციაზე იყო საუბარი ამ განცხადებაში და ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები. კორუფციაში როგორც მოგეხსენებათ, მარტო ფული არ იგულისხმება და განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ პირდაპირ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი გასვარეს ასეთი განცხადების დადებისას, რაც არის ძალიან ცუდი, ძალიან მძიმედ მეტყველებს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ასეთი ინფორმაცია მიაქვთ სახელმწიფო მდივნამდე. ჩვენ ყველას გესმის, რომ ენტონი ბლინკენი საქართველოზე ფიქრით არ იძინებს და არ იღვიძებს, მას ბევრად მეტი საქმე აქვს. როდესაც მასთან მიაქვთ ასეთი უხეში დოკუმენტები, ეს არის ძალიან მძიმე და ეს მეტყველებს კორუფციულ პროცესებზე, რომელიც ამ ყველაფერს საფუძვლად უდევს. მინდა, რამდენიმე ფაქტი გაგახსენოთ, რომელიც პირდაპირ მიანიშნებს კორუფციულ ინტერესებზე საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის მიმართ. მაგალითად, ეს არის „რუსთავი 2“-ის საქმე.
თქვენ გახსოვთ, რომ ეს საქმე წარმოებდა 2015-2016 წლებში. 2016-ში გამოცხადდა, თუ არ ვცდები, გადაწყვეტილება ამ საქმეზე და მაშინ იყო მთელი შტურმი სასამართლო სისტემაზე. პირდაპირ უტევდნენ სასამართლოს, ამბობდნენ, რომ ეს იყო პოლიტიზებული გადაწყვეტილება, პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება და ამ შტურმში იყო ჩართული აბსოლუტურად ყველა უცხოელი აგენტი, მათ შორის გიორგი მარგველაშვილი, რომელიც მაშინ იყო საქართველოს პრეზიდენტი, უჩა ნანუაშვილი, რომელიც მაშინ იყო სახალხო დამცველი, ყველა მდიდარი „ენჯეოს“ ლიდერი, ყველა „ნაცმოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიის ლიდერი, ყველა, ვინც კი იყო უცხოური აგენტი, ყველა ჩაერთო ამ კამპანიაში. პირდაპირ ამტკიცებდნენ, რომ უზენაესი სასამართლოს ცხრა მოსამართლემ მიიღო პოლიტიკური ინტერესით ნაკარნახევი გადაწყვეტილება. პირდაპირ დასდეს ბრალი დანაშაულში უზენაესი სასამართლოს ცხრა მოსამართლეს. უფრო მეტიც, მათ გააგზავნეს წერილი სტრასბურგში და სწორედ ეს გახდა სტრასბურგის სასამართლოს მიერ დროებითი ზომის გამოყენების საფუძველი. სწორედ ამ დროებითმა ზომამ მისცა ნიკა გვარამიას 7 მილიონით „რუსთავი 2“-ის გაძარცვის საშუალება. მან იცოდა, რომ, საბოლოო ჯამში, სტრასბურგში ეს საქმე დასრულდებოდა მისი მარცხით და „რუსთავი 2“ კანონიერ მფლობელს დაუბრუნდებოდა. ისარგებლა ამით და 7 მილიონით გაძარცვა ტელევიზია. ყველა ეს ადამიანი, ყველა უცხოელი აგენტი პირდაპირ არის პასუხისმგებელი, მათ შორის გვარამიას მიერ ჩადენილ დანაშაულზე. შეგახსენებთ, რომ ამ კამპანიაში პირდაპირ იყო ჩართული მაშინდელი ელჩი იან კელი. პირდაპირ მინიშნებებით საუბრობდა იმაზე, რომ ეს იყო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება. მიზეზი იყო პოლიტიკური ინტერესი მათ მხარეს, უცხოელი აგენტების და მათი პატრონების მხარეს, რომ „რუსთავი 2“ არ დაბრუნებოდა კანონიერ მფლობელს და ის დარჩენილიყო მიმტაცებლების, „ნაცმოძრაობის“ ხელში.
საბოლოო ჯამში, გაირკვა, რომ ყველა ეს ადამიანი იყო მტყუანი. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ უზენაესი სასამართლოს ცხრავე მოსამართლემ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება. მათ შორის იყვნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, რომლებზეც მოგვიანებით მათვე გასცეს რეკომენდაცია, მათ შორის ვენეციის კომისიამ, საელჩოებმა, რომ მათთვის უვადოდ გახანგრძლივებულიყო უფლებამოსილების ვადა. თუ კორუმპირებულები იყვნენ და მიიღეს კორუფციული და პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, მერე როგორ მიწევ რეკომენდაციას, რომ უვადოდ გადაინიშნონ ისინი უზენაეს სასამართლოში? ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ არის მართლმსაჯულებაში პოლიტიზებული ჩარევის არაერთი მცდელობა“, – განაცხადა კობახიძემ.