ირაკლი კობახიძე - ბლინკენის განცხადება აჩვენებს, რომ საქართველოს არ უყურებენ, როგორც სახელმწიფოს, არ ცნობენ სახელმწიფოებრიობას, ჩვენ ბოლომდე უნდა დავიცვათ სახელმწიფოებრივი ინტერესები
ირაკლი კობახიძე - ბლინკენის განცხადება აჩვენებს, რომ საქართველოს არ უყურებენ, როგორც სახელმწიფოს, არ ცნობენ სახელმწიფოებრიობას, ჩვენ ბოლომდე უნდა დავიცვათ სახელმწიფოებრივი ინტერესები

ეს ყველაფერი, მათ შორის ეს ბოლო განცხადება აჩვენებს, რომ საქართველოს არ უყურებენ, როგორც სახელმწიფოს, არ ცნობენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას საქართველოს ოთხი მოსამართლისთვის სანქციების დაწესების თაობაზე.

„კორუფციაში, როგორც მოგეხსენებათ, მარტო ფული არ იგულისხმება. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ პირდაპირ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი გასვარეს ასეთი განცხადების დადებისას, რაც ძალიან მძიმედ მეტყველებს იმ ადამიანებზე, ვისაც ასეთი ინფორმაცია მიაქვს სახელმწიფო მდივნამდე. ენტონი ბლინკენი საქართველოზე ფიქრით არ იძინებს და არ იღვიძებს, მას ბევრად მეტი საქმე აქვს. მე მინდა, რამდენიმე ფაქტი გაგახსენოთ, რომლებიც პირდაპირ მიანიშნებს კორუფციულ ინტერესებზე საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის მიმართ. მაგალითად, ეს არის „რუსთავი 2“-ის საქმე. ეს საქმე წარმოებდა 2015-16 წლებში. მაშინ იყო შტურმი სასამართლო სისტემაზე. უტევდნენ სასამართლოს, ამბობდნენ, რომ ეს იყო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება და ამ შტურმში ჩართული იყო ყველა უცხოელი აგენტი, მათ შორის გიორგი მარგველაშვილი, მათ შორის უჩა ნანუაშვილი, ყველა მდიდარი „ენჯეოს“ ლიდერი, „ნაცმოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული პარტიების ლიდერები. პირდაპირ ამტკიცებდნენ, რომ უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლემ მიიღო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება. მათ გააგზავნეს წერილი სტრასბურგის სასამართლოში და სწორედ ეს წერილი გახდა სტრასბურგის სასამართლოს მიერ დროებითი ზომის გამოყენების საფუძველი, რამაც ნიკა გვარამიას მისცა 7 მილიონით „რუსთავი 2“-ის გაძარცვის საშუალება. ამ კამპანიაში, სამწუხაროდ, პირდაპირ იყო ჩართული ყოფილი ელჩი – იან კელი. მიზეზი იყო პოლიტიკური ინტერესი, რომ „რუსთავი 2“ არ დაბრუნდებოდა კანონიერ მფლობელს და მიმტაცებლების ხელში, „ნაცმოძრაობის“ ხელში დარჩენილიყო. საბოლოოდ, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლემ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება. მათ შორის იყვნენ მოსამართლეები, რომლებთან დაკავშირებითაც მათვე გასცეს რეკომენდაცია, მათ შორის ვენეციის კომისიამ, რომ მათთვის უვადოდ გახანგრძლივებულიყო უფლებამოსილების ვადა. თუ კორუმპირებულები იყვნენ, მერე როგორ მიწევ რეკომენდაციას, რომ უვადოდ გადაინიშნონ ისინი უზენაეს სასამართლოში?! ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ არის მართლმსაჯულებაში პოლიტიზებული ჩარევის არაერთი მცდელობა.

მეორე ქეისს გაგახსენებთ – მოსამართლე ჩხიკვაძის საქმეს. მას პირდაპირ მოსთხოვეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე და შეუზღუდეს კონკრეტულ ვიზიტში წასვლა, რაც არის უხეში ჩარევა სასამართლოს დამოუკიდებლობაში, რაც არავის უკადრია 2012 წლის შემდეგ. ასეთი რაღაცები ხშირად ხდებოდა 2012 წლამდე. მთელი ამ დროის განმავლობაში, ძირითადად უცხოელი აგენტების ხელით, სასამართლოს სტიგმატიზაციის მცდელობა წარმოებს. გამოიყენება ტერმინები – კლანი, კორპორატივიზმი და ა.შ. საბჭოური მეთოდებით ცდილობენ, დაბრენდონ სასამართლო სისტემა, აქაც არის პოლიტიკური ინტერესი, რომ მოხდეს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა. ეს ყველაფერი, მათ შორის ეს ბოლო განცხადება აჩვენებს, რომ საქართველოს არ უყურებენ, როგორც სახელმწიფოს, არ ცნობენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას და ჩვენ, რა თქმა უნდა, ბოლომდე უნდა დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები“, – განაცხადა კობახიძემ.