ადამიანს დანაშაული თუ აქვს ჩადენილი, ის სათანადო განაჩენით უნდა დაუმტკიცდეს და არა – ორსიტყვიანი ჩანაწერით. გვაინტერესებს მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც ოთარ ფარცხალაძეს აგენტის იარლიყი მიეწება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ასეთი მიდგომა გაუგებარია.
„ოთარ ფარცხალაძე, 9-10 წელია, არ არის ხელისუფლების შემადგენელი ნაწილი, არ არის ხელისუფლებაში, არ უკავია თანამდებობა. აქედან გამომდინარე, ჩვენგან ადამიანის პიროვნული თვისებების შეფასება უბრალოდ არასწორია. ის არ არის ხელისუფლების ნაწილი, თანამდებობის პირი, ამიტომ ჩვენ ამაში არ შევდივართ, ჩვენ განვიხილავთ სამართლებრივ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია ოთარ ფარცხალაძესთან, მათ შორის, გვაინტერესებს მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც მას აგენტის იარლიყი მიეწება. მტკიცებულება არის საჭირო, რადგან ის არის საქართველოს მოქალაქე და თუ ადამიანს დანაშაული აქვს ჩადენილი, დანაშაული სათანადო განაჩენით უნდა დაუმტკიცდეს და არა – ორსიტყვიანი ჩანაწერით. მაგალითად, სახელმწიფო დეპარტამენტის ტექსტში წერია, რომ ოთარ ფარცხალაძე გავლენას ახდენს ქართულ საზოგადოებაზე. პოლიტიკაზე შეიძლება, ისე მოახდინო გავლენა, რომ ეს არ ჩანდეს, მაგრამ იქ წერია, რომ ფარცხალაძე გავლენას ახდენს ქართულ საზოგადოებაზე. ასეთ არასერიოზულ ჩანაწერს რომ შეიტან, დანარჩენის სერიოზულობაზე როგორ შეიძლება, ვისაუბროთ? გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს გამოცდილება მოსამართლეებთან დაკავშირებით, ის არ იყო სანქცია, მაგრამ იყო სავიზო შეზღუდვა. გახსოვთ, ამის შემდეგ კელი დეგნანი გამოვიდა და თქვა, რომ მტკიცებულებები არ ჰქონდათ, პრაქტიკულად აღიარა, რომ მტკიცებულებების გარეშე გააკეთეს ეს ყველაფერი. თქვენ თვითონ შეისწავლეთო და არ მესმის, ეგ რა დამოკიდებულებაა. სავიზო შეზღუდვაც ხომ დე ფაქტო სანქციასავით არის და თუ ადამიანს შეზღუდვას უწესებ ისე, რომ მტკიცებულება არ გაქვს, ეს არაფერში ჯდება, მართლა გაუგებარი მიდგომაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე – „როდის გახდა ცნობილი, რომ ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა და საიდან გაიგეთ ამის შესახებ?“ – ირაკლი კობახიძემ აღნიშნა: „თქვენგან გავიგე, რომ ერთი წელია, არის მოქალაქე. ახლაც არ ვიცი მოქალაქეობის შესახებ, მართლა არ ვიყავი ინფორმირებული. საქართველოს მოქალაქე რომ არის, ეს ყველამ იცის“.
კიდევ ერთ კითხვაზე, სანქცირებულთა სიაში შეყვანის შემდეგ რაიმე კომუნიკაცია ხომ არ ჰქონია ოთარ ფარცხალაძესთან, კობახიძემ განაცხადა: „ოთარ ფარცხალაძესთან ურთიერთობა არ მაქვს, წლების წინ ორჯერ ვარ შემთხვევით შენახვედრი. მეტი ურთიერთობა მასთან არ მქონია“.
კობახიძეს ასევე მიმართეს, როგორ შეაფასებდა ოპოზიციაში გაკეთებულ განცხადებებს, რომ ოთარ ფარცხალაძის დასანქცირება არის გზავნილი ბიძინა ივანიშვილისთვისაც, რომ შემდეგი ის იქნება.
„აბა, რას იტყვიან. ესეც არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც პრობლემურად გვეჩვენება სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება და სანქცირებულთა სიაში ფარცხალაძის შეყვანა. ყველას შეეძლო იმის გათვლა, რომ ოპოზიცია ამას ზუსტად ასეთი სპეკულაციებისთვის გამოიყენებდა. ამისთვის ამზადებდნენ საფუძველს. რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიცია სანქცირებულთა სიაში ფარცხალაძის შეყვანას ასეთი სპეკულაციებისთვის გამოიყენებდა. არ მესმის, რატომ ხდება პოლარიზაციის ასე ხელოვნურად გაღვივება ასეთი აქტებით. ეს ყველაფერი ძალიან ცუდია. არ ვიცი, ვინ მიიტანა სახელმწიფო დეპარტამენტში ეს ჩანაწერი, ასევე მოსამართლეებზე ის სისულელე – არახამიამ მიიტანა თუ პეტრე და პავლემ. ახლა ვიღაც ქართველებიც კი ტრაბახობენ, ჩვენი მიტანილიაო – ეს ცალკე თემაა. მთავარი ის არის, რომ ნებისმიერი ასეთი აქტი თუ მტკიცებულება სათანადო სერიოზულობით უნდა იყოს გამორჩეული. 90-იან წლებამდე ჩვენთანაც ასე ხდებოდა, მტკიცებულების გარეშე შეაგდებდნენ ადამიანს, ასევე ხდებოდა 2004-2012 წლებში, მაგრამ 2012 წლის შემდეგ ასე აღარ ხდება საქართველოში, ტყუილად აღარავინ აღარავის იჭერს. მგონი, იგივე სტანდარტი უნდა იყოს რელევანტური იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც ასეთი ინფორმაცია მიაქვთ დეპარტამენტში. არ ვამბობ, რომ ამერიკაშია ეს, მაგრამ ფაქტია, ვიღაცამ მიიტანა ასეთი არასერიოზული ინფორმაცია დეპარტამენტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, როგორ ფიქრობს, ასეთი არასწორი ინფორმაცია ვერ გაიაზრეს სახელმწიფო დეპარტამენტში, მათ შორის ენტონი ბლინკენმა, კობახიძემ აღნიშნა:
„ენტონი ბლინკენი 150 კაცს ხომ არ ჩაუღრმავდება. ხომ ვიცით, როგორ მიიღება ასეთი გადაწყვეტილებები, ასე ხომ არ წარიმართება ბიუროკრატიული პროცესები. ვიღაცამ დადო ეს სია და შემდეგ მოეწერა ხელი. რა თქმა უნდა, ბლინკენს ვერ ექნება პასუხისმგებლობა იმაზე, რომ 150-ვე კაცის ტექსტი სათითაოდ ენახა“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან ირაკლი კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს სანქციებით ვერავინ შეაშინებს.
„ბიძინა ივანიშვილს ვერავინ შეაშინებს სანქციებით, მით უმეტეს, მის მიმართ დე ფაქტო სანქციები მოქმედებს, ორი მილიარდი დოლარის აქტივები აქვს გაყინული შვეიცარიაში, მეტი რა სანქცია უნდა დაუწესონ? ამიტომ ბიძინა ივანიშვილს ვერავინ დააშანტაჟებს ასეთი ქმედებებით, ვერც ფორმალური, ვერც არაფორმალური სანქციებით და ვერავინ აიძულებს, ის ნაბიჯი გადაადგმევინონ, რომელიც ქვეყანას უბრალოდ გაანადგურებს, გაწირავს განადგურებისთვის, უკრაინიზაციისთვის. ამ ნაბიჯს ბიძინა ივანიშვილს ვერავინ გადაადგმევინებს, ვერავითარი სანქციებისა და შანტაჟის სანაცვლოდ“, – განაცხადა კობახიძემ.