ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ აინტერესებს სანქციების თემა, მის მიმართ დე ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებს, სანქციებით ვერც გააკვირვებენ, ვერც შეაშინებენ
ყველა ხედავს, რომ ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ აინტერესებს სანქციების თემა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ივანიშვილის მიმართ დე ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებს, აქედან გამომდინარე, მას სანქციებით ვერც გააკვირვებენ, ვერც შეაშინებენ და აბსოლუტურად ფუჭია ასეთი გზავნილები, მით უმეტეს, როდესაც მათ სენატის ერთ-ერთი თანამშრომელი აჟღერებს.
„ჩვენ მოვისმინეთ სენატის ერთ-ერთი თანამშრომლის განცხადება, კრის სოჩა სენატორ რიშის თანამშრომელია, რომელსაც მთელი ოპოზიცია ერთად ეახლა და მან დაიწყო ლაპარაკი სანქციებთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში, მათ შორის, მან ახსენა ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი. რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ყველა ხედავს, რომ ამ კაცს საერთოდ არ აინტერესებს სანქციების თემა. მის მიმართ დე ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებს. გაჩერებული აქვს ამხელა თანხა შვეიცარიის ბანკში, თავხედურად, ყოველგვარი საფუძვლის, მიზეზის და განმარტების გარეშე, უბრალოდ არ აძლევენ საკუთარ თანხებს. იმ ყაჩაღობის ისტორიას აღარ მოვყვები, რაც შვეიცარიულ ბანკში ხდებოდა 2008 წლიდან მოყოლებული და დღესაც გრძელდება. ეს არის ჩვეულებრივი დე ფაქტო სანქციები. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილს სანქციებით ვერც გააკვირვებენ, ვერც შეაშინებენ და აბსოლუტურად ფუჭია ასეთი გზავნილები, მით უმეტეს, როდესაც ამ გზავნილებს სენატის ერთ-ერთი თანამშრომელი აჟღერებს. არავისზე ზემოქმედების რესურსი არ აქვს ასეთ განცხადებებს. როდესაც რადიკალური ოპოზიცია საუბრობს, რომ ისინი ითხოვენ ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებას, ეს კიდევ ერთხელ არის ლუსტრაცია. ხელისუფლების წარმომადგენელი თუ სანქცირდება, რა ევროკავშირზეა საერთოდ საუბარი? ისინი აბსოლუტურად ყველაფერში ავლენენ, რომ ევროკავშირთან დაახლოების ყოველგვარი პრევენცია არის მათი თვითმიზანი და, რა თქმა უნდა, საზოგადოება ამაზე თავის დასკვნებს გამოიტანს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.