ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოიყვანა გუნდი, რომლის პირობებშიც საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას და ახლა იღებს კანდიდატის სტატუსს
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოიყვანა გუნდი, რომლის პირობებშიც საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას და ახლა იღებს კანდიდატის სტატუსს

შეკვეთილი სტატიები როგორ იწერება, ვხედავთ ხოლმე, FARA-ს საიტის მეშვეობით ვიგებთ ინფორმაციას, რომ ასეთი სტატიები იწერება ფულის სანაცვლოდ,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძეს დაუსვეს კითხვა, რომლის მიხედვითაც,  გამოცემა „პოლიტიკოს“ სტატიაში ბიძინა ივანიშვილზე ნეგატიურ კონტექსტშია საუბარი და არაფორმალურ მმართველადაა მოხსენიებული.

„მარტივად მუშაობს ასეთი სქემები, მათ შორის, ევროპულ მედიაში. იხდი ფულს და შეგაქვს ასეთი შინაარსი ნებისმიერ სტატიაში. უბრალოდ, ეს ყველაფერი არის სამარცხვინო. სამარცხვინოა და რაზე  გავაკეთო კომენტარი?“ – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს 3 მლრდ დოლარის ქველმოქმედება აქვს გაწეული ქვეყნისა და მოსახლეობის სასარგებლოდ.

„პოლიტიკაში როცა მოვიდა, ბიძინა ივანიშვილმა შეცვალა საქართველოში სისხლიანი რეჟიმი. გახსოვთ ხომ, 2012 წლამდე ქვეყანაში მოქმედებდა სისხლიანი რეჟიმი, რომელმაც უამრავი ადამიანი შეიწირა, ბიზნესის რეკეტი, ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა, რუსეთისთვის ტერიტორიების გადაცემა, ტელევიზიების მიტაცება – ეს იყო წინა ხელისუფლების მხრიდან. ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში შეცვალა ანტიდასავლური, ანტიევროპული, სისხლიანი რეჟიმი, რომელსაც ხელმძღვანელობდა სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“. ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოიყვანა გუნდი, რომლის პირობებშიც საქართველომ ჯერ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, მერე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, მერე მიიღო ვიზალიბერალიზაცია და ახლა იღებს კანდიდატის სტატუსს. ეს ყველაფერი არის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. ვიღაცა ფულს გადაიხდის რომელიღაც გაზეთში და ბიძინა ივანიშვილი უარყოფითად იქნება მოხსენიებული, ამას ხომ არაფერი ფასი არ აქვს. ფასი აქვს ფაქტებს და ფაქტები არის ის, რომ სწორედ სისხლიანი რეჟიმი გაისტუმრა ბიძინა ივანიშვილმა, დაამყარა ისეთი მმართველობა, რომელიც თავსებადია დასავლურ სტანდარტებთან, დასავლურ ღირებულებებთან და სწორედ ამის ხარჯზე მოვახერხეთ ჩვენ ამ მიღწევების შეგროვება, რაც უკავშირდება საქართველოს ევროინტეგრაციას. მოსკოვისკენ მიაქანებს და კანდიდატის სტატუსს იღებს და რანაირად ხდება ეს ყველაფერი? ხალხი არის პირველი, ვისი დამსახურებაც არის, მაგრამ ხელისუფლების გარეშე ვერცერთი ხალხი ვერ იღებს კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, არაფორმალური მმართველობის არცერთი ფაქტი და გარემოება არ არის, ცარიელი სპეკულაციებია.

„სწორედ ცარიელი სპეკულაციებია ის, რასაც ერთი სიტყვით ვუწოდე სამარცხვინო. თქვენ გინდოდათ არგუმენტები, წარმოგიდგინეთ 30 არგუმენტი. მაგრამ ერთი სიტყვა – სამარცხვინო – არის საკმარისი იმ სტატიის დასახასიათებლად, რომელიც „პოლიტიკოში“ დაიბეჭდა“, – განაცხადა კობახიძემ.