ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილისგან მთელი ამ წლების განმავლობაში არათუ არ აგვიღია არც ერთი თეთრი, არამედ არც გვჭირდება, ჩვენი პარტია და მთლიანი პოლიტიკური ძალა არის თვითკმარი დაფინანსების კუთხით
პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილისგან არათუ არ აგვიღია არც ერთი თეთრი მთელი ამ წლების განმავლობაში, არც გვჭირდება, ჩვენ ვართ თვითკმარი, გვყოფნის აბსოლუტურად, როგორც საარჩევნო ისე არასაარჩევნო პერიოდში ის რესურსები, რომლებსაც ვიღებთ შემოწირულობების გზით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„არც ერთი თეთრით მას არც პარტია და არც რომელიმე პოლიტიკოსი თუ რომელიმე სხვა სუბიექტი არ დაუფინანსებია. ეს რომ ასე არ იყოს, გამოჩნდებოდა. ჩვენ არც ვიღებთ და არც გვჭირდება ფინანსური რესურსები. აქედან გამომდინარე, გაუგებარია, რა შეიძლება იგულისხმებოდეს ამ გავლენაში. სინამდვილეში, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენი პარტია და მთლიანი პოლიტიკური ძალა არის თვითკმარი დაფინანსების კუთხით. საარჩევნო და არასაარჩევნო პერიოდში ჩვენ გვაქვს საკმარისი კერძო დაფინანსება შემოწირულობების სახით, რომელიც არის მთლიანად საკმარისი როგორც არჩევნების, ასევე მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად.
და მეორე, დავუშვათ სატელეფონო კომუნიკაცია ხდება კიდეც, უბრალოდ წარმოვიდგინოთ. თუ ისინი ამას ოლიგარქიულ ჩარევას და გავლენას ეძახიან, ეს ღიმილის მომგვრელია. ბიძინა ივანიშვილმა მადლობა უნდა გადაუხადოს თითოეულ ამ ოდიოზურ ევროპარლამენტარს იმისთვის, რომ ის იქნა აღიარებული, როგორც გენიოსი. ადამიანი, რომელიც თვეში ერთხელ, სამ თვეში ერთხელ ურეკავს ან პრემიერს ან პარტიის თავმჯდომარეს და სატელეფონო ზარებით ახერხებს იმას, რომ მთელ სახელმწიფოს აკონტროლებს და მართავს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სასაცილოა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.