ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა უკვე გაავრცელა განცხადება, ამიტომ პოლიტიკური კუთხით ამ დისკუსიას აღარ გავაღრმავებთ
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა უკვე გაავრცელა განცხადება, ამიტომ პოლიტიკური კუთხით ამ დისკუსიას აღარ გავაღრმავებთ

ჩვენ გვქონდა გუშინ საუბარი ლეგიტიმურ ეჭვებთან დაკავშირებით და ეს კითხვები კიდევ უფრო მძაფრდება, რადგან საქმე ეხებოდა არა მხოლოდ გადარიცხვებს, არამედ ნახატებსა და ვერტმფრენს, სადაც იყო ასევე შეფერხება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტებმა ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაზე. 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შეფერხება უკვე აღმოფხვრილია, თუმცა შეფერხება იყო დაახლოებით თვე-ნახევარი, რის გამოც გაჩნდა ლეგიტიმური კითხვები.

„პოლიტიკური კუთხით აღარ გავაღრმავებთ ამ დისკუსიას, მით უმეტეს, რომ ადვოკატის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი თავად მიაწვდის ინფორმაციას საზოგადოებას. ჩვენ რომ თავიდან ავირიდოთ ამ თემის პოლიტიკური გაღრმავება, სჯობს დამატებითი კომენტარები აღარ გავაკეთოთ“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის შექმნილი დაბრკოლების კონტექსტში მმართველი პარტიიდან აშშ არავის უხსენებია.

„ამერიკა არავის უხსენებია, შესაბამისად ეს არის ცარიელი სპეკულაცია. მმართველი პარტია ამერიკას არ ახსენებს და ოპოზიცია ახსენებს. ვინ აწარმოებს ანტიამერიკულ კამპანიას, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოში არის აზრის გამოხატვის თავისუფლება. ყველას შეუძლია, გამოხატოს თავისი აზრი.

„ჩვენ ერთ მხარეს ვნახეთ მაგალითად, ხოფერიას განცხადება, რომელიც პირდაპირ რომელიღაც ქვეყანას ადანაშაულებს რაღაცაში. მეორე მხარეს ვნახეთ უსუფაშვილის განცხადება, რომელიც ამბობს, თურმე არაფერი ხდება, როცა ერთი დღის მაგივრად, თვენახევარი გრძელდება რაღაც საბანკო გადარიცხვა და თურმე ჩვეულებრივი მოვლენაა. ხოფერიას შეუძლია, ჰქონდეს თავისი აზრი, უსუფაშვილს შეუძლია, თავისი აზრი ჰქონდეს. მე მაქვს ჩემი პასუხისმგებლობა და აქედან გამომდინარე, ვერც ერთსა და ვერც მეორეს ვერ გავიზიარებ. ეს არის ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ჩემი პოზიცია, მაგრამ ყველას შეუძლია, გამოხატოს თავის აზრი“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, კითხვები არის ლეგიტიმური, რატომ შეიძლება საბანკო სისტემა ან კონკრეტული საცავი ანგრევდეს საკუთარ რეპუტაციას.

„იმედია, ამ კითხვებს გაეცემა პასუხი, პოლიტიკური შეფასებებისგან შევიკავებთ თავს, მით უმეტეს, ადვოკატის მხრიდან აღინიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას, როცა საჭირო იქნება. დაბრკოლება ლეგიტიმური რომ არ იყო, ზუსტად ამიტომ სამართლებრივად გადაწყდა საკითხი და დაბრკოლება მოიხსნა. ლეგიტიმური რომ ყოფილიყო დაბრკოლება, მაშინ სხვანაირად გაგრძელდებოდა ეს ყველაფერი. იცით, რომ ეს დაბრკოლებები მოიხსნა, როგორც ვერტმფრენთან დაკავშირებით, ასევე ნახატებთან დაკავშირებით, რადგან არც ერთი ეს დაბრკოლება არ იყო ლეგიტიმური“, – აღნიშნა კობახიძემ.