ირაკლი კობახიძე - ბევრი თემა გვაქვს, მათ შორის სატელეფონო საუბრებში რას ითხოვდნენ ჩვენგან, ამიტომ მინდა, ყველას მოვუწოდო, დაიცვან წესები
ბევრი თემა გვაქვს, მათ შორის სატელეფონო საუბრებში რას ითხოვდნენ ჩვენგან, ამიტომ მინდა, ყველას მოვუწოდო, დაიცვან წესები, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ აშშ-ის მიერ მოსამართლეების დასანქცირებაზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ ბევრი თემა გვაქვს. დღეს არ მინდა ამაზე საუბარი, შესაძლოა, მომავალში დადგეს ამის დრო. ბევრი სხვა თემაც გვაქვს, მათ შორის სატელეფონო საუბრებში რას ითხოვდნენ ჩვენგან და ა.შ. ეს ყველაფერი არსებობს. ამიტომ მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ დაიცვან წესები და იმოქმედონ წესების შესაბამისად. ჩვენი პრინციპია ის, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი.
სხვათა შორის, ერთ-ერთი პოლიტიკური მცდელობა იყო ის, რომ „ნაცმოძრაობისთვის“ გადაგვეცა ბერკეტები სასამართლოსთან მიმართებაში. მაგალითად, ეს იყო ორჯერ, ორი მესამედის მოთხოვნა, რომ პარლამენტს უნდა მიეღო გადაწყვეტილებები ოპოზიციის ორი მესამედის მხარდაჭერით, რაც პირდაპირ ნიშნავდა იმას, რომ „ნაცმოძრაობას“ უნდა ჰქონოდა საკონტროლო პაკეტი ხელში და „ნაცმოძრაობის“ გარეშე არ უნდა მომხდარიყო მოსამართლეების დანიშვნა, ამას გვეუბნებოდნენ“ , – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.