ირაკლი კობახიძე - რთული პერიოდები გამოვიარეთ, ქვეყანას ავარიდეთ უმძიმესი საფრთხეები, საზოგადოება რომ არ იყოს გამოცდილი, 2021-2022 წლების გამოვლა გაგვიჭირდებოდა
ირაკლი კობახიძე - რთული პერიოდები გამოვიარეთ, ქვეყანას ავარიდეთ უმძიმესი საფრთხეები, საზოგადოება რომ არ იყოს გამოცდილი, 2021-2022 წლების გამოვლა გაგვიჭირდებოდა

უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება ახლაც იგივეა, რაც ერთი წლის წინ იყო, როცა ელჩი გაიწვიეს, უბრალოდ, რა თქმა უნდა, ამას ემატება სააკაშვილის ფაქტორი, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „თავისუფალი ხედვის“ წამყვანის შეკითხვას, რატომ მოხდა უკრაინაში საქართველოს ელჩის გაწვევა უკრაინის ხელისუფლების მიერ და რატომ დადგა მათი მხრიდან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღის წესრიგში ახლა, როცა სააკაშვილმა პოლიტიკაში დაბრუნებაზე განაცხადი გააკეთა.

„ერთი იყო სტრასბურგის გადაწყვეტილების გადაფარვის კიდევ ერთი მცდელობა და მეორე, ვინც, საბოლოო ჯამში, წაახალისა ეს გადაწყვეტილება, მასაც აქვს არასწორი ინტერესები ჩვენი ქვეყნის მიმართ. ვისაც უნდა ამ ქვეყანაში შიდა პოლიტიკური ვითარების არევა, დაძაბვა, პოლარიზაცია და ასე შემდეგ, ყველას აქვს ერთი ინტერესი, საბოლოო ჯამში, არეულობით შეიცვალოს ხელისუფლება. მაგალითად, ვანო მერაბიშვილმა აღიარა, რომ „ნაცმოძრაობა“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, დღეს აუცილებლად იქნებოდა ქვეყანა ომის მდგომარეობაში. ამიტომ კონტექსტი ეს არის. ხომ გახსოვთ, ლამის უკრაინის მთელი ხელისუფლება გამოდიოდა და პირდაპირ მოგვიწოდებდა მეორე ფრონტისკენ. რა თქმა უნდა, ამ ფონზე არც პირველი გადაწყვეტილება გვიკვირს და არც მეორე“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, გლობალურ ომის პარტიას უნდა, ჩამოაყალიბოს ერთგვარი აღქმა, რომ საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებებს შორის მტრული დამოკიდებულებაა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამას ვერ დაუშვებს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. ჩვენ აბსოლუტურად გვესმის, რომ დღეს ეს ხელისუფლება მართავს იმ ქვეყანას, რომელიც არის რუსული სამხედრო აგრესიის მსხვერპლი, ომის მდგომარეობაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამას არ ვუპასუხებთ და, შესაბამისად, ყველა შემთხვევაში გვექნება უემოციო პასუხი, თუნდაც ძალიან მძიმე, შეურაცხმყოფელ, არამეგობრულ ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას უკრაინის ხელისუფლების მიერ. ესეც ძალიან შეურაცხმყოფელი ნაბიჯი იყო, მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ ასეთი აღქმის ჩამოყალიბებას, რომ არის მტრული დამოკიდებულება საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებებს შორის. ჩვენ დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან“, – განაცხადა კობახიძემ.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რამდენ ხანს შეიძლება, გაუძლოს საქართველომ არამეგობრულ შემოტევებს და თავდასხმებს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2021-2022 წლები იყო ბევრად რთული და იყო უმძიმესი რისკები, მაგრამ ხელისუფლებამ ყველაფერს გაუძლო და ქვეყანას ყველა საფრთხე აარიდა.

„რეალურად, მაშინ იყო პირდაპირი მცდელობა, რომ შეცვლილიყო ხელისუფლება. მთელი ეს ამბები, საბოტაჟი, ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი და ა.შ. ამას ემსახურებოდა, მაგრამ ყველაფერი გადავაგორეთ და ქვეყანას ავარიდეთ სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე. 2022 წელთან იყო პირდაპირ კავშირში ის, რაც ხდებოდა 2021 წელს; რაც თქვა ვანო მერაბიშვილმა, ამასთან იყო კავშირში, რაც ხდებოდა 2021 წელს. ვიღაცებმა იცოდნენ, რომ „ქართული ოცნება“ არ დაუშვებდა საქართველოში ომს, მაგრამ „ნაცმოძრაობა“ ამაზე პირდაპირ წავიდოდა“, – განაცხადა კობახიძემ.

შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ 2021 წელს გარკვეული ძალებისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ ომი დაიწყებოდა და, შესაბამისად, მზადება მიდიოდა, ირაკლი კობახიძემ განახადა, რომ 2021 წელს ამასთან დაკავშირებით საუბარი მიდიოდა.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში შეხვედრა მქონდა ერთ-ერთ უკრაინელ დეპუტატთან, რომელიც მაღალი რანგის დეპუტატია და ის პირდაპირ ლაპარაკობდა – ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაიწყება დეკემბერში, მაგრამ ისინი გვეუბნებიან, რომ დეკემბერში არა, იქნება იანვრის ან თებერვლის ბოლოს და ა.შ. ასეთი საუბრები პირდაპირ მიდიოდა. ანუ, მაშინ ეს გარჩევები ჩვეულებრივად ხდებოდა, რა თქმა უნდა, დახურულ კარს მიღმა და საჯაროდაც მიდიოდა ამაზე საუბარი, მაგრამ კიდევ მეტი კონკრეტიკა იყო დახურულ კარს მიღმა“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ომის დაწყების შემდეგაც ასევე ძალიან მძიმე პერიოდი გამოიარა.

„ომი როგორც კი დაიწყო, უამრავი რისკი იყო, ეგრევე ოპოზიცია დაგვიყენეს ქუჩაში, პირდაპირ. ამის შემდეგ იყო იგივე ზელენსკის მიერ ელჩის გაწვევა, პირდაპირი ზეწოლა სანქციებთან, მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით და ა.შ. მერე იყო კანდიდატის სტატუსის ამბავი და ა.შ. ძალიან მძიმე თვეები გადავიარეთ. 2022 წელი იყო ძალიან მძიმე. ამასთან შედარებით 2023 წელი არის უფრო მსუბუქი. რა თქმა უნდა, მუდმივი სიფრთხილეა საჭირო, მაგრამ ბევრად უფრო რთული პერიოდები გამოვიარეთ და ქვეყანას ავარიდეთ სერიოზული, უმძიმესი საფრთხეები, რბილად რომ ვთქვათ. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, ვიყოთ მეტ-ნაკლებად თავდაჯერებული იმაში, რომ მომავალშიც გვაქვს რესურსი, ქვეყანას ასეთი საფრთხეები თავიდან ავარიდოთ. საზოგადოების ფაქტორი აქ არის გადამწყვეტი. ჩვენი საზოგადოება რომ არ იყოს გამოცდილი, ძალიან გაგვიჭირდებოდა 2021 წლის გამოვლაც და 2022 წლის გამოვლაც. საზოგადოება დადგა მყარად იმ პოზიციებზე, რომელიც ამ ქვეყანას სჭირდებოდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.