ირაკლი კობახიძე - ბედნიერებაა იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის ჩამობრძანება, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება მიმართული იყო ეროვნული იდენტობის დაცვისა და შენარჩუნებისკენ, მადლობა ამისთვის
ძალიან დიდი ბედნიერებაა იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის საქართველოში ჩამობრძანება, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება არსებითად იყო მიმართული ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდენტობის დაცვისა და შენარჩუნებისკენ და მისი ეს მორიგი ქველმოქმედებაც არის ამის კიდევ ერთი გამოხატულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპატრიარქოში განაცხადა, სადაც იოანე ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში ჩამობრძანებასთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ, მღვდელმთავრებთან ერთად, პარაკლისი აღავლინა.
მთავრობის მეთაური პარაკლისს მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაესწრო. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა უნიკალური ხელნაწერის საქართველოში ჩამობრძანების მნიშვნელობას და ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.
„ძალიან დიდი ბედნიერებაა ამ უნიკალური ხელნაწერის, პალიმფსესტის საქართველოში ჩამობრძანება. ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება არსებითად იყო მიმართული ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდენტობის დაცვისა და შენარჩუნებისკენ და მისი ეს მორიგი ქველმოქმედებაც არის ამის კიდევ ერთი გამოხატულება და მადლობა მას ამისათვის. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ეს საგანძური თავის ადგილს დაიმკვიდრებს ჩვენს ქვეყანაში და მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და სრულიად საქართველოს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მეუფე შიოს განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ამ შენაძენით გაამდიდრა ქართული კულტურული მემკვიდრეობა.
„დღეს აღვნიშნავთ შესანიშნავ მოვლენას, ამ დიდებული ხელნაწერის, პალიმფსესტის საქართველოში ჩამოტანას და ვფიქრობთ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობაზე, ისტორიულ სიძველეებსა და მათ მნიშვნელობაზე. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ისტორიული სიწმინდეების მოვლა-პატრონობას და დაცვას. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ამ დიდებული შენაძენით გაამდიდრა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა“, – აღნიშნა მეუფე შიომ.
ცნობისთვის, ქართველი მოღვაწის, იოანე ზოსიმეს მიერ შექმნილი და მის მიერვე აკინძული ხელნაწერი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით და ძალისხმევით იქნა შეძენილი, საქართველოში დღეს ჩამობრძანდა. წმინდა ხელნაწერი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს საკუთრებაში ასევე ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით გადაეცემა და ის ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდში განთავსდება.