ირაკლი კობახიძე - ბავშვთა შორის ძალადობის კუთხით მნიშვნელოვანი პრობლემები გვაქვს, რაც ჩვენი მხრიდან დაუყონებლივ რეაგირებას მოითხოვს 
ირაკლი კობახიძე - ბავშვთა შორის ძალადობის კუთხით მნიშვნელოვანი პრობლემები გვაქვს, რაც ჩვენი მხრიდან დაუყონებლივ რეაგირებას მოითხოვს 

ბავშვთა მიმართ ძალადობის მასშტაბები საკმაოდ შემაშფოთებელია. ბავშვთა შორის ძალადობის კუთხით გვაქვს მნიშვნელოვანი პრობლემები, რაც მოითხოვს, ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან დაუყონებლივ რეაგირებას და შესაბამის ჩარევას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მათი ამოცანაა, შექმნან ისეთი სახელმწიფო პოლიტიკა და ერთიანი სტანდარტი, რომელიც ბავშვის მხარდაჭერისა და ოჯახისათვის საჯარო სივრცეში ბავშვის უფლებების დაცვის მყარი საწინდარი გახდება.

„დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტის პრეზენტაციას. ეს კანონპროექტი დაკავშირებულია ჩვენი საზოგადოების ყველაზე ძვირფას წევრებთან – ბავშვებთან, და ეხება მათი უფლებების დაცვას. მე მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, ასევე, გაერო-ს ბავშვთა ფონდს. გარდა ამისა, თითოეულ დეპუტატს, ექსპერტებს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებიც იყვნენ ჩართულნი ამ ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტის შემუშავებაში და თავისი წვლილი შეიტანეს ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში.

საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვისა და უფლებათა რეალიზაციის დახვეწილი მექანიზმების არარსებობის კუთხით, გვაქვს სერიოზული გამოწვევები, როგორც ქალბატონმა სოფომაც აღნიშნა.

ბავშვთა მიმართ ძალადობის მასშტაბები საკმაოდ შემაშფოთებელია. ბავშვთა შორის ძალადობის კუთხით, გვაქვს ასევე მნიშვნელოვანი პრობლემები, რაც მოითხოვს, ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან დაუყონებლივ რეაგირებას და შესაბამის ჩარევას. ამ ყველაფერს ადასტურებს თუნდაც გასულ თვეში მომხდარი შემზარავი ტრაგედია, რომელიც სწორედ ბავშვს უკავშირდება. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ ისეთი სახელმწიფო პოლიტიკა და ერთიანი სტანდარტი, რომელიც გახდება ბავშვის მხარდაჭერისა და ოჯახისათვის საჯარო სივრცეში ბავშვის უფლებების დაცვის მყარი საწინდარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, გარდა ამისა, დიდ პრობლემად რჩება ბავშვთა სიღარიბე.

„ამ კუთხით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ბავშვთა მიმართ ზრუნვისა და სოლიდარობის მდიდარი სამართლებრივი ტრადიცია არსებობს. ჯერ კიდევ პირველი რესპუბლიკის დროს მიღებულ 1921 წლის კონსტიტუციაში აღნიშნულია შემდეგი, რომ სახელმწიფო მიზნად ისახავს პირველ დაწყებით სკოლაში უღარიბეს ბავშვებს საზრდო, ჩასაცმელ-დასახური და სასკოლო ნივთები უფასოდ მიეცეს.

ამ მიზნის გასახორციელებლად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობანი თავისი შემოსავლის გარკვეულ ნაწილს ყოველწლიურად გადადებენ. ეს ფაქტი, ეს ნორმა, მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად დიდი ყურადღება ეთმობოდა საქართველოში, ჯერ კიდევ პირველ რესპუბლიკაში, ბავშვთა უფლებების დაცვას და ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ამ ტრადიციას. საჭიროა დავაფუძნოთ ამ ტრადიციაზე, ჩვენს ბავშვებზე და მათი უფლებების დაცვაზე ზრუნვა“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კობახიძის განცხადებით, ბავშვთა სიღარიბის პრობლემის დასაძლევად, ძალისხმევას არ დაიშურებენ.

„ვადასტურებთ მზადყოფნას, რომ არ დავიშურებთ ძალისხმევას ბავშვთა სიღარიბის პრობლემის დასაძლევად და უკვე ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს აღნიშნული მიმართულებით. ამ კუთხით უმნიშვნელოვანესი იყო შარშან განხორციელებული ინიციატივა, რომლითაც გამოიყო სპეციალური სოციალური დახმარება სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ბავშვებისთვის. აღნიშნულის ფონზე, მნიშვნელოვანია ბავშვის უფლებების შესახებ გაეროს კონვენციით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებებისთვის საკანონმდებლო საფუძვლების შექმნა.

სწორედ ამ ვალდებულებათა შესრულებას და ხსენებული პრობლემების გადაჭრას ემსახურება ბავშვის უფლებათა კოდექსის მიღება, რომელიც ბავშვის უფლებების რეალიზაციაზე იქნება ორიენტირებული სახელმწიფოში არსებული რესურსების მაქსიმალური გამოყენებით და საჭიროების შემთხვევაში ასევე, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით. მე მჯერა, რომ დღევანდელი ღონისძიება მოგვცემს დისკუსიის გაშლის საშუალებას ამ საკითხთან დაკავშირებით და ასევე, პარლამენტის სახელით შეგვიძლია დავდოთ პირობა, რომ ბავშვთა კოდექსის პროექტის განხილვას დაეთმობა სათანადო ყურადღება. მთელი გულისყურით მოეკიდება პარლამენტი ამ საკითხს და ეს ყველაფერი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მომავალში უკეთ ვიზრუნოთ ბავშვთა უფლებების დაცვაზე და მათი უფლებების რეალიზებაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.