ირაკლი კობახიძე - ბარიერის თემა საერთოდ არ უკავშირდება ევროკავშირის 12 პუნქტს, 5-პროცენტიანი ბარიერი სწორედ ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში მოქმედებს
ბარიერის თემა საერთოდ არ უკავშირდება 12 პუნქტს, რომელიც დაადგინა ევროკავშირმა, საერთოდ არ არის ნახსენები ევროკავშირის რეკომენდაციებში, რადგან ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში მოქმედებს სწორედ 5-პროცენტიანი ბარიერი და 2 პროცენტი ან უფრო დაბალი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, აშკარაა, რომ ოპოზიცია ეძებს მხოლოდ საბაბს, რათა არ ჩაერთოს პროცესში, ხელი შეუშალოს პროცესს და ამის უკან დგას ერთი მარტივი ინტერესი, საქართველომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.
„ოპოზიციას აქვს სუბიექტური ინტერესი ამ ყველაფრის მიმართ, ისინი ფიქრობენ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით „ქართული ოცნება“ ჩაიწერს პოლიტიკურ ქულებს და მათ ეს არ აინტერესებთ. მათ აქვს საპირისპირო ინტერესი, არ აინტერესებთ ქვეყანა, ეს დიდი ხანია, უკვე ყველამ კარგად იცის და აქედან გამომდინარე, მათ აქვთ ერთი სუბიექტური ინტერესი, ხელი შეუშალონ პროცესს, რათა კიდევ ერთხელ გაართულონ კანდიდატის სტატუსის მიღება“, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, ხომ არ არის მმართველი პარტიის მხრიდან პოლიტიკური ვაჭრობა ახლა, როდესაც ეს საკითხი იყო 19 აპრილის შეთანხმების თემა და მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ ანულირებულად გამოაცხადა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საარჩევნო ბარიერი ნამდვილად იყო 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი.
„ჩვენ ხელი მოვაწერეთ ამ შეთანხმებას და მზად ვიყავით, განგვეხორციელებინა შესაბამისი ცვლილებები, თუმცა ამის შემდეგ გავიდა 100 დღე, „ნაცმოძრაობამ“ და მისმა რამდენიმე სატელიტმა ხელი არ მოაწერეს, აქედან გამომდინარე, მოხდა შეთანხმების ანულირება. დღეს არ გვაქვს არავითარი ვალდებულება და ეს ვალდებულება ჩვენ ავიღეთ ევროკავშირის წინაშე, როგორც კი ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, იქიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, მეორე და მესამე მოსმენით მივიღებთ ამ ცვლილებებს. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ვაჭრობას, მით უმეტეს ევროკავშირთან ამ თემაზე სავაჭრო არც ჩვენ გვაქვს და არც მათ აქვთ არაფერი, აქ არის საუბარი ერთ მარტივ რამეზე, თუ კანდიდატის სტატუსი ქვეყანას არ მიენიჭება, ამ შემთხვევაში გაიზრდება რა თქმა უნდა, პოლარიზაცია, თუ კანდიდატის სტატუსი ქვეყანას მიენიჭება პოლარიზაცია შემცირდება. პირდაპირი კავშირი არსებობს დაბალ ბარიერსა და პოლარიზაციის დაბალ ხარისხს შორის. ამ შემთხვევაში ძალიან მარტივია ლოგიკა, თუ შემცირდება პოლარიზაცია კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ეს მოგვცემს საშუალებას, დავაწესოთ დაბალი ბარიერი“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 2024 წლის და მომდევნო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით ჩატარების ვალდებულება იმოქმედებს მხოლოდ სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, სხვა შემთხვევაში კი, ეს დარჩება „ქართული ოცნების“ კეთილ პოლიტიკურ ნებად.
კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს ოპოზიცია, კობახიძემ აღნიშნა, რომ დაბალი ბარიერი არის მხოლოდ ოპოზიციის ინტერესში.
„სუბიექტურად არიან ისინი დაინტერესებული, ჩვენ ჩვენი მხრივ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ 80-ზე მეტი დეპუტატი მხარს დაუჭერს ამ ცვლილებებს, დანარჩენი არის უკვე ოპოზიციაზე. ოპოზიცია თუ არ დაუჭერს მხარს, ეს იქნება კიდევ ერთი მათი მხრიდან გადადგმული დესტრუქციული ნაბიჯი, მაგრამ არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში ასე იმოქმედონ, მათ აქვთ პირდაპირი სუბიექტური ინტერესი მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს“, – განაცხადა კობახიძემ.