ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის (პარლამენტის) საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან გამართა შეხვედრა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს და ერთმანეთს საქართველოსა და აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურეს.
მათი შეფასებით, ქვეყნებს სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს, რასაც ადასტურებს მჭიდრო ხალხთაშორისი ურთიერთობები და წარმატებული პროექტები ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის მიმართულებებით. მათივე განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია.
მხარეების შეფასებით, დიდი პოტენციალი ასევე არსებობს ტურიზმის სფეროში ურთიერთობების მეტად განსავითარებლად. საუბრისას აღინიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს საერთო გამოწვევები და ამოცანები აქვთ, რაც მხარეების თქმით, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მიზნების მისაღწევად ერთად დგომის მნიშვნელობას.
ირაკლი კობახიძისა და მილი მეჯლისის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრთა განცხადებით, საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთობლივად უნდა იზრუნონ რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის წევრებმა შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მიმდინარე წლის 26 მაისს- საქართველო, ხოლო 28 მაისს – აზერბაიჯანი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნიდან 100 წლისთავს იზეიმებენ. მხარეებმა ყურადღება ორი ერის ისტორიულ მეგობრობასა და საერთო მიზნებზე კიდევ ერთხელ გაამახვილეს და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურეს.