საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ავსტრიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ავსტრიის იუსტიციის მინისტრ იოზეფ მოზერს შეხვდა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ავსტრიიდან იუწყება, შეხვედრა პირისპირ, ასევე ქართული და ავსტრიული დელეგაციების მონაწილეობით გაიმართა.
საუბარი შეეხო იუსტიციის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობასა და დახმარებას, რომელსაც სასამართლო რეფორმის საკითხში ავსტრია საქართველოს გაუწევს. ამასთან, მხარეებმა ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერის შესახებ ისაუბრეს.
ირაკლი კობახიძე ავსტრიის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით პარლამენტის დელეგაციასთან ერთად ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ის ავსტრიის ეროვნული საბჭოს პირველ პრეზიდენტ ვოლფგანგ სობოტკას, ავსტრიის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტ ინგო აპპეს და ავსტრიის ეროვნული საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროკავშირთან ურთიერთობის ქვეკომიტეტისა და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდება. ასევე დაგეგმილია შეხვედრა ქართულ დიასპორასთან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვენის დიპლომატიურ აკადემიასაც ეწვევა, სადაც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ ისაუბრებს.