ირაკლი კობახიძე - აუცილებელია „თავდაცვის კოდექსის“ მიღება, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა, ორმა ოპოზიციურმა პარტიამ დაკარგა შემოსავლის წყარო, გაწვევისთვის თავის არიდებაში ქრთამს იღებდნენ
ირაკლი კობახიძე - აუცილებელია „თავდაცვის კოდექსის“ მიღება, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა, ორმა ოპოზიციურმა პარტიამ დაკარგა შემოსავლის წყარო, გაწვევისთვის თავის არიდებაში ქრთამს იღებდნენ

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აუცილებელია „თავდაცვის კოდექსის“ მიღება, რათა მეტად გაძლიერდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა.

„რეალურად, ერთადერთი მიზეზი, რატომაც შფოთავს ოპოზიცია, არის, რომ მათ დაკარგეს შემოსავლის წყარო. კონკრეტულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, ორმა პარტიამ დაკარგა შემოსავლის წყარო, ისინი ქრთამს იღებდნენ იმაში, რომ ადამიანები თავს არიდებდნენ სამხედრო გაწვევას, ეს არასწორია. სასურველი იყო, აუცილებელი იყო სისტემის მოწესრიგება როგორც გაწვევის ნაწილში, ისე, ზოგადად, თავდაცვის სფეროში და ამას ემსახურება ეს თავდაცვის კოდექსი, რომელიც არის წარმოდგენილი. მიმდინარეობს განხილვა საკმაოდ ინტენსიურად, ყველას აქვს შეკითხვების დასმის საშუალება, პასუხების მიღების საშუალება და დაველოდოთ, როგორ დასრულდება ეს პროცესი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას, – „ჩანაწერში ჩნდება წოდებები და აიღებენ თუ არა ამ ჩინებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები?“ – კობახიძე პასუხობს: „მე ამ საქმის ექსპერტი არ ვარ, დაისმება კითხვები, მოვისმენთ პასუხებს და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას კონკრეტულ კანონთან დაკავშირებით. გავეცნობით საერთაშორისო პრაქტიკას, კითხვებზე პასუხებსაც მოვისმენთ და ამის მიხედვით გადავწყვეტთ“.