ირაკლი კობახიძე - ათი წელია, ოთარ ფარცხალაძე აღარ იკავებს მთავარი პროკურორის თანამდებობას, აქედან გამომდინარე, სპეკულაციებისთვის სივრცე არ არსებობს
ათი წელია გასული მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძე აღარ იკავებს საქართველოში მთავარი პროკურორის თანამდებობას, აქედან გამომდინარე, სპეკულაციებისთვის სივრცე არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „ოთარ ფარცხალაძე ჩამოვიდა საქართველოში, ადამიანი, რომელსაც ჩამორთმეული აქვს საქართველოს მოქალაქეობა, საქართველოს პასპორტი და ამერიკის მიერ არის რუსეთის ჯაშუშობაში მხილებული პირი. როგორ შემოაღწია მან საქართველოში?“.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსეთის მოქალაქეები თავისუფლად შემოდიან საქართველოში ვიზის გარეშე.
„რუსეთის მოქალაქეები შემოდიან საქართველოში. როგორც მოგეხსენებათ, მოქმედებს უვიზო რეჟიმი, რომელიც, სხვათა შორის, ჯერ კიდევ სააკაშვილმა შემოიღო 2012 წელს სრული მასშტაბით. შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეები თავისუფლად შემოდიან საქართველოში ვიზის გარეშე. მოგეხსენებათ, რომ ახლა უკვე ოპოზიციაც უჭერს მხარს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში უვიზოდ შემოსვლას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, კითხვაზე, რა გზავნილები ჩამოიტანა ფარცხალაძემ, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა: „რა შუაშია გზავნილები, არ მგონია, ეს ადეკვატური შეკითხვა იყოს“.
ამავდროულად, კობახიძემ განაცხადა, რომ აშშ-მა სანქცირების ვერცერთ შემთხვევასთან დაკავშირებით ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები.
„რაც შეეხება სანქცირებას, ჩვენ ყოველ ჯერზე ვითხოვთ მტკიცებულებებს, თუმცა ვერცერთ ჯერზე ვერ წარმოგვიდგინეს ვერცერთი მტკიცებულება ვერცერთ ასეთ შემთხვევასთან დაკავშირებით. ეს ეხებოდა მოსამართლეებს, ეხება ოთარ ფარცხალაძეს და ა.შ.“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.