ირაკლი კობახიძე - ათი ქვეყნიდან ვინმე თუ იქნება მზად, რომ 2030 წელს გახდეს ევროკავშირის წევრი, პირველი იქნება საქართველო, თანმიმდევრულად გავაგრძელებთ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას
ათი ქვეყნიდან ვინმე თუ იქნება მზად, რომ 2030 წელს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, პირველი იქნება საქართველო, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძეს კითხვა დაუსვეს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაზე, სადაც ის აღნიშნავს: „ევროკავშირს სჭირდება საორიენტაციო თარიღი ახალი წევრებისთვის, რომელთა რაოდენობა, შესაძლოა, ათი იყოს“.
მისი თქმით, მთავრობა თანმიმდევრულად გააგრძელებს ყველა შესაბამისი ნაბიჯის გადადგმას.
„საუბარია საშუალოვადიან პერსპექტივაზე, რაც ერთხელ გაჟღერდა, მაგრამ შემდეგ უარყვეს. პირობითად რომ ავიღოთ 2030 წელი, ვინმე თუ იქნება მზად ამ ათი ქვეყნიდან, რომ 2030 წელს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, პირველი იქნება საქართველო, თავისი ეკონომიკური მოცემულობით, თავისი დემოკრატიული სისტემით, ყველა მაჩვენებლით აბსოლუტურად. შესაბამისად, თანმიმდევრულად გავაგრძელებთ ყველა შესაბამისი ნაბიჯის გადადგმას, საქართველო იქნება პირველი და მოწინავე ქვეყანა 2030 წლისთვის იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც აქვთ ევროკავშირის წევრობის ამბიცია“, – განაცხადა კობახიძემ.