ირაკლი კობახიძე - ასოცირების ხელშეკრულების შესრულების საბოლოო ანგარიშის პროექტი არის დადებითი და ქვეყანაში არსებულ რეალობას ასახავს
ასოცირების ხელშეკრულების შესრულების საბოლოო ანგარიშის პროექტი არის დადებითი და ასახავს იმ რეალობას, რომელიც არის ჩამოყალიბებული ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, შეიძლება, გარკვეული ცვლილებები ნებისმიერ დოკუმენტში შევიდეს, თუმცა მთავარი არის ჭეშმარიტება და ეს ჭეშმარიტება ზუსტად იქნება ასახული დოკუმენტის საბოლოო ვარიანტში.
„ჭეშმარიტება კი არის ის, რომ ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი ყველა მიმართულებით, აბსოლუტურად, 2012 წლიდან, და კონკრეტულად, რაც შეეხება ასოცირების შეთანხმების განხორციელებას, ამ მიმართულებითაც, ჩვენ ვმუშაობთ ძალიან აქტიურად და ჩვენ პირნათლად ვასრულებთ იმ ვალდებულებებს, რომლებიც არის გათვალისწინებული ამ შეთანხმებით. ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი გახლავთ, რა თქმა უნდა, ევროკავშირში ინტეგრაცია და შესაბამისად, ჩვენი ვალია, ვიმოქმედოთ იმ ვალდებულებების შესაბამისად, რომელიც არის გათვალისწინებული ევროკავშირთან დადებული შეთანხმებით. შესაბამისად, დასკვნის პროექტი არის პოზიტიური. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთივე პოზიტიური, დადებითი იქნება დასკვნის საბოლოო ვარიანტი, იმიტომ, რომ ეს არის რეალობა, ეს არის ჭეშმარიტება და ამას აღიარებენ ჩვენი პარტნიორები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომ არსებობს ანდრეი მამიკინსის სახელით მომზადებული დოკუმენტის ალტერნატიული ანგარიში, რომლის გატანასაც ოპოზიცია ცდილობს, კობახიძე აცხადებს, რომ როდესაც საქმე ეხება საგარეო პოლიტიკური ამოცანების განხორციელებას, ყველა პოლიტიკური ძალა უნდა იყოს მაქსიმალურად ფრთხილი და ობიექტური.
„არის გარკვეული ზღვარი, როდესაც ისეთი რამის ჩაწერას ცდილობ დასკვნაში, რომელიც საერთოდ აცდენილია რეალობას, როდესაც საუბარია მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ დრამატულ მდგომარეობაზე და ასე შემდეგ, რაც ყველამ ვიცით, ქართულმა საზოგადოებამ იცის, რომ ამას არანაირი კავშირი არ აქვს სინამდვილესთან, ასეთ დროს, ბუნებრივია, გარკვეული ზღვარის გადაკვეთა ხდება. ანუ, შეიძლება, შენ გქონდეს შენი სუბიექტური პოზიცია, განსხვავებული პოზიცია, მაგრამ გარკვეული ზღვარი არ უნდა გადაკვეთო, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც ასეთი არასწორი ინტერპრეტაციების ასახვამ დასკვნაში, შეიძლება, შეაფერხოს ჩვენი სწრაფვა ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ უშუალოდ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილმა და„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს ტელევიზია წაართვა კანონიერ მესაკუთრეს.
„მთელმა საქართველომ, პოზიციამ, ოპოზიციამ, „ქართულმა ოცნებამ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „პატრიოტთა ალიანსმა“, თუ „დემოკრატიულმა მოძრაობამ“, ყველამ იცის, რა მოხდა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, როგორ გადადიოდა ერთ ხელიდან მეორე ხელში ეს ტელევიზია თავის დროზე და როგორ დაისაკუთრა მიხეილ სააკაშვილმა. ეს არის რეალობა. ეს ადამიანები ცდილობენ, რომ ეს ჭეშმარიტება ამოაყირავონ და სხვანაირად ჩააწერინონ ევროპარლამენტში ჩვენს კოლეგებს, რაც შეუძლებელია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, არის თუ არა ცნობილი, რა შესწორებები დარეგისტრირდა ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების შესრულების საბოლოო ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საბოლოო დასკვნაში არსებით ცვლილებებს არ ელოდება.
„იყო საუბარი „ალტერნატიულ“ დასკვნაზე. აქ საუბარი იყო იმაზე, რომ ევროპარლამენტის კვლევითმა დეპარტამენტმა, სამსახურმა, დაუკვეთა ერთ-ერთ იტალიურ უნივერსიტეტს კვლევა, რომელმაც, თავის მხრივ, ეს კვლევა დაუკვეთა ერთ-ერთ ქართველ ექსპერტს, რაც თავისთავად, ბუნებრივია, არასწორია, რადგან ნებისმიერ ქართველს საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ბუნებრივია, აქვს თავისი სუბიექტური პოზიცია. მეც, თქვენც, გვაქვს საკუთარი აღქმა ამ პოლიტიკური პროცესების, რომელიც წარიმართება ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ეს დასკვნა იქნებოდა მიკერძოებული ან ერთ მხარეს, ან მეორე მხარეს. აღმოჩნდა, რომ იყო მიკერძოებული მეორე მხარეს, მაგრამ ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ განიხილება ალტერნატივად იმ დასკვნისა, რომელსაც ოფიციალურად წარმოადგენს ევროპარლამენტი. მთავრი ხომ ეს დასკვნაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ერთ-ერთი ქართული ტელევიზია ცდილობდა, კერძო ქართველი ექსპერტის დასკვნა წარმოეჩინა როგორც ევროპარლამენტის დასკვნა, ხოლო ის დასკვნა, რომელიც ევროპარლამენტარმა მამიკინსმა მოამზადა, წარმოაჩინა, როგორც მიკერძოებული.
„კონკრეტული ტელევიზია ცდილობდა, რომ წარმოეჩინა ერთი კერძო ქართველი ექსპერტის დასკვნა, როგორც ევროპარლამენტის დასკვნა და ის დასკვნა, რომელიც მოამზადა ლატვიელმა ევროპარლამენტარმა მამიკინსმა, წარმოაჩინა, როგორც მიკერძოებული დასკვნა, ლამის კრემლის აგენტად გამოაცხადეს ჩვენი ლატვიელი კოლეგა. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მართული ტელევიზიის ხელწერა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.