საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კონგრესმენ სტივ სკალიზს ხვდება. წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის პარტიულ ორგანიზატორთან შეხვედრაზე საუბარი ორმხრივ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს შეეხება.
როგორც პარლამენტი თავმჯდომარემ შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნა, აქცენტი ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებასა და ამ მიმართულებით აშშ-სთან თანამშრომლობაზე გაკეთდება.
ამავე თემაზე ისაუბრეს სენატორ როჯერ ვიეკრთან შეხვედრაზეც. როჯერ ვიკერმა, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტის ავტორია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. საუბარი შეეხო ასევე რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.
„შეხვედრა გავმართეთ სენატორ როჯერ ვიკერთან, რომელიც საქართველოს მხარდამჭერი და მეგობარია. ის არის ინიციატორი რეზოლუციის პროექტისა, რომელიც განიხილება სენატში და რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეხება. ჩვენ დღეს, ძირითადად, შევეხეთ ისეთ საკითხებს, როგორიც არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება, ჩვენი თავდაცვის სისტემის განვითარება, საუბარი გვქონდა ასევე ზოგადად, სტრატეგიულ პარტნიორობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის.
პირველ რიგში, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ შორის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ნატოსთან თანამშრომლობას.ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა, მათი რჩევები ჩვენი თავდაცვის სისტემის გაძლიერების თვალსაზრისით“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ შეხვედრის შემდეგ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვლილი 2017 წელიც შეაჯამა და პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრა.
„2017 წელი იყო ნამდვილად შთამბეჭდავი წელი საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ტემპი შენარჩუნდება და ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გააქტიურდება, მათ შორის, პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით. ამისთვის, ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.