ირაკლი კობახიძე - აშშ-ში განვითარებულმა მოვლენებმა გაგვახსენა ის, რაც მოხდა წელიწადნახევრის წინ საქართველოში
ამერიკის შეერთებულ შტატებში განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენ გაგვახსენა ის, რაც მოხდა წელიწადნახევრის წინ საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გუშინ აშშ-ში მომხდარი იყო შეტევა დემოკრატიულ ინსტიტუტზე, კაპიტოლიუმზე, ამერიკის კონგრესზე, ეს არის კანონისა და კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოვლენა, რასაც სჭირდება შესაბამისი რეაგირება.
„აშშ არის ძლიერი სახელმწიფო და ბუნებრივია, ამ სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაქცია ნებისმიერ მცდელობაზე, რაც უკავშირდება კონსტიტუციისა და კანონის ხელყოფას. აუცილებლად მოექცევა პროცესი კონსტიტუციურ ჩარჩოებში და გაგრძელდება ისე, როგორც უნდა გაგრძელდეს აშშ-ში, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში. აქ ხშირად ხდება პარალელების გავლება და ჩვენ ამ მოვლენებმა გაგვახსენა ის, რაც მოხდა წელიწადნახევრის წინ საქართველოში. აქაც იყო შტურმი დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, საქართველოს პარლამენტზე და მაშინაც კონსტიტუციურ ჩარჩოებს გასცდა ეს პროცესები, მაშინაც ნიკანორ მელიას მოწოდებით სცადეს დესტრუქციულმა ძალებმა ძალადობა, ჯერ შეტევა მიიტანეს სამართალდამცავ ორგანოებზე, შემდეგ კი შეუტიეს მთავარ დემოკრატიულ ინსტიტუტს, საქართველოს პარლამენტს. აქაც ჰქონდა სახელმწიფოს შესაბამისი რეაქცია. ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ კონსტიტუციის დარღვევა, კონსტიტუციურ ინსტიტუტებზე შტურმი, შეტევა არის მიუღებელი მოვლენა ნებისმიერ ქვეყანაში, როგოც აშშ-ში, ისე საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.