ირაკლი კობახიძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ვეს მიტჩელს შეხვდა
ირაკლი კობახიძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ვეს მიტჩელს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს,  ვეს მიტჩელს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ძირითადად  საქართველოსა და ამერიკის პოლიტიკურ ურთიერთობებს შეეხო. ირაკლი კობახიძემ მიტჩელს საქართველოს საგარეო პრიორიტეტებისადმი პარლამენტის მხარდამჭერი დამოკიდებულება გააცნო, განსაკუთრებით ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის და ასევე, აშშ-თან ურთიერთობებისადმი.  ამასთან, მხარეებმა რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე და საქართველოს მიერ ამ პოლიტიკის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს.

როგორც პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, მიტჩელმა გამოხატა ძალიან მყარი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და განსაკუთრებით  გაუსვა ხაზი დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას როგორც საქართველოს დემოკრატიზაციისთვის, ასევე ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარებისთვის. ვეს მიტჩელის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატები საქართველოს ყველაზე დიდი მხარდამჭერია.

„პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმარს ქვეყანაში მიმდინარე კონსტიტუციური და სასამართლო რეფორმა გააცნო. აღინიშნა, რომ ეს რეფორმები წარმოადგენს საყრდენს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, რომელშიც საქართველოს პარლამენტი დიდ როლს ასრულებს. ირაკლი კობახიძემ ვეს მიტჩელს დემოკრატიული რეფორმების გაძლიერების კუთხით განსახორციელებელი სამომავლო გეგმებიც გააცნო. საუბარი შეეხო, ასევე პარლამენტის როლის გაძლიერებას ინსტიტუციური მშენებლობის საკითხში და აშშ-ის როლს ამ პროცესში“, – ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ხაზი გაუსვა ახალი თაობის ლიდერების მნიშვნელობას ქართული დემოკრატიის წარმატებისთვის. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა ამერიკაში. მისივე თქმით, კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს ამერიკის პარტნიორობა საქართველოსთან. მიტჩელმა აღნიშნა, რომ აშშ და საქართველო ერთად მუშაობენ ნატო-ს მომავალ სამიტზე მაქსიმალურად პოზიტიური დადებითი და სასარგებლო შედეგის მიღწევისთვის. მისი თქმით, საქართველოს დემოკრატია არის  დასავლეთში მისი სრული ინტეგრაციის საფუძველი და საქართველოს უნდა ჰქონდეს ძლიერი მორალური საფუძველი იმისთვის, რომ  ნატო-ში გაწევრიანების დაჩქარება მოითხოვოს.

საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ამერიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მუშაობას. მხარეებმა დაადასტურეს, რომ საქართველო და აშშ კიდევ უფრო გააძლიერებენ თანამშრომლობას, ასევე, აღნიშნეს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები გაძლიერდება როგორც ეკონომიკური, ასევე ეროვნული უსაფრთხოების გამყარების კუთხით.