ირაკლი კობახიძე - აშშ-ს მნიშვნელოვან სფეროებში რუსეთთან ვაჭრობა არ შეუწყვეტია, ევროკავშირის ქვეყნები დღეში მილიარდ ევროს ურიცხავდნენ, ასეთ დროს ჩვენი დამუნათება უსამართლოა
ჩვენ ვიცავთ ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ბუნებრივია, ასე გავაგრძელებთ მოქმედებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ყველა საერთაშორისო სუბიექტი ცდილობს, საკუთარი ინტერესები დაიცვას და ანალოგიური ქმედებისთვის საქართველოს ხელისუფლების დამუნათება არასამართლიანია.
„რეალურად, აბსოლუტურად ყველა სუბიექტი, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, ევროკავშირის ქვეყნები, იაპონია, სამხრეთ კორეა – ყველა მაქსიმალურად ცდილობს, დაიცვას საკუთარი ეროვნული ინტერესები და არ დააზარალოს საკუთარი მოსახლეობა. როდესაც ჩვენ ამას ვაკეთებთ საქართველოში, ამაზე გვაწვება ოპოზიცია. რეალურად რომ გადახედოთ, რატომ არ შეწყვიტა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვაჭრობა კონკრეტულ სფეროებში, ძალიან მნიშვნელოვანი სფეროებია, სადაც რუსეთთან ვაჭრობა არ შეუწყვეტია. იგივე ეხება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, სადაც გაიზარდა თანხების მოცულობა. თვითონვე ამბობდნენ, რომ დღეში მილიარდ ევროს ურიცხავდნენ რუსეთის ფედერაციას და ამით პირდაპირ აფინანსებდნენ ომს. რატომ? იმიტომ, რომ, საბოლოო ჯამში, მათთვის პრიორიტეტული აღმოჩნდა საკუთარი ხალხის ინტერესების დაცვა. ასეთ დროს ჩვენი დამუნათება არის აბსოლუტურად არასამართლიანი. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ხალხის ინტერესებს, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და, ბუნებრივია, ასე გავაგრძელებთ მოქმედებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.