ირაკლი კობახიძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ პოლ რაიანს შეხვდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, 26-28 ივნისს, ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტი სამმხრივი საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის (საქართველო-მოლდოვა-უკრაინა) ფარგლებში ხორციელდება.
ირაკლი კობახიძე უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან, ანდრიი პარუბისთან და ანდრიან კანდუსთან ერთად, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა სპიკერ პოლ რაიანს და სამი ქვეყნის აშშ-ის კონგრესის საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მეგობართა ჯგუფების წევრებს შეხვდება.
ასევე, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან, ტედ პოსთან და ჯერი კონოლისთან, კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარეებთან – პიტერ როსკამთან და დევიდ პრაისთან, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე რონ ჯონსონთან და თანათავმჯდომარე კრის მერფისთან, სენატორ კორი გარდნერთან, ასევე, ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვეს მიტჩელთან.
ირაკლი კობახიძე ასევე, მონაწილეობას ამერიკული საგარეო პოლიტიკის საბჭოსა(AFPC) და ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მიიღებს.