ირაკლი კობახიძე - აშშ-ის წინა ელჩის პირობებში ბევრი რამ გაფუჭდა, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს გადახედვა სჭირდება, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ურთიერთობები მაქსიმალურად გაჯანსაღდეს
აშშ-ის წინა ელჩის პირობებში ბევრი რამ გაფუჭდა, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს გადახედვა სჭირდება, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ურთიერთობები მაქსიმალურად გაჯანსაღდეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქართველი და ამერიკელი ხალხის ინტერესებშია, რომ გაჯანსაღდეს ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.
„გადახედვა ნამდვილად სჭირდება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. მე ამაზე მქონდა გულწრფელი საუბარი ქალბატონ ელჩთან და მინდა, გამოვხატო კიდევ ერთხელ პატივისცემა პირადად მის მიმართ. ასევე, ამავე თემაზე მქონდა საუბარი ბატონ ო’ბრაიენთან. ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ნამდვილად საჭიროებს გადახედვას, განსაკუთრებით იმ 4-წლიანი პროცესების ფონზე, რომლებიც განვითარდა ჩვენს ქვეყანაში. ყველას გახსოვთ რევოლუციის 2 მცდელობა, დაემატა მე-3 მცდელობა წინა კვირების განმავლობაში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მიანიშნებს იმაზე, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები საჭიროებს გადახედვას. რა თქმა უნდა, ეს არის ქართველი ხალხისა და ამერიკელი ხალხის ინტერესებში, რომ გაჯანსაღდეს ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, აშშ-ის წინა ელჩის პირობებში ბევრი რამ გაფუჭდა.
„არ ვიცი, რატომ იყო რევოლუციის 2 მცდელობა 2020-2021 წლებში, შემდეგ – 2022 წელს. არ ვიცი, რატომ იყო ასეთი მცდელობები. ფაქტია, რომ წინა ელჩმა ძალიან ბევრი რამ გააფუჭა, ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა იმ წლების განმავლობაში, ამას სჭირდება გამოსწორება. პირდაპირ იდგნენ, მათ შორის, ამერიკიდან დაფინანსებული NGO-ები რევოლუციურ სცენაზე, როდესაც მათ მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და მათი მონაწილეობით მთავრობის ჩამოყალიბება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ წინა ელჩის პირობებში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა, ამიტომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ნამდვილად საჭიროებს გადახედვას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაჯანსაღდეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ეს შედის როგორც ქართველი ხალხის ინტერესებში, ასევე, მე მჯერა, ამერიკელი ხალხის ინტერესებშიც“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.