ირაკლი კობახიძე - აშშ-ის საელჩოს გუშინდელი განცხადება იყო სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევა, რაც ძალიან მძიმეა
ჩვენი პარტნიორები თანაბრად უნდა უფრთხილდებოდნენ სამართლის უზენაესობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას როგორც საკუთარ ქვეყანაში, ასევე სხვა ქვეყანაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.
„მე, რა თქმა უნდა, ცოტა მძიმედ უნდა შევაფასო ასეთი განცხადებები. ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ ვკადრულობთ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას და სასამართლოს გადაწყვეტილებებზე რაიმე ფორმით ზემოქმედებას. ვნახე გუშინ ამერიკის საელჩოს განცხადება, ელჩის განცხადება, ეს იყო სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევა, რაც ბუნებრივია, ძალიან მძიმეა. სხვა შეფასებას მე ამას ვერ მივცემ. რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები თანაბრად უნდა უფრთხილდებოდნენ სამართლის უზენაესობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას როგორც საკუთარ ქვეყანაში, ასევე სხვა ქვეყანაში. ეს არის ერთადერთი შეფასება, რაც მე შემიძლია, გავაკეთო. ჩვენ სხვანაირად ვუდგებით სასამართლოს დამოუკიდებლობასა და სამართლის უზენაესობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში აშშ-ის საელჩომ გუშინ ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებაა გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია: „იმ დროს, როდესაც საქართველოს ერთგულება მიუკერძოებელი სასამართლოსა და მედიაპლურალიზმის მიმართ განსაკუთრებული დაკვირვების საგანია, მთავარი ოპოზიციური ტელეარხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს – უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა“.