ირაკლი კობახიძე - აშშ არის ჩვენი ქვეყნის ძალიან მყარი პარტნიორი, საქართველოს ხელისუფლების მხარდამჭერი
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის გარანტია.
მისივე თქმით, აშშ საქართველოს ხელისუფლების ძალიან მყარი პარტნიორი და მხარდამჭერია.
„ჩვენ ვიზიტის დასასრულს, რა თქმა უნდა, შევაჯამებთ ყველა შეხვედრას, კონკრეტული დასკვნები იქნება გამოტანილი ამ შეხვედრებიდან და ვიმოქმედებთ შესაბამისად. მთავარია, რომ აშშ არის ჩვენი ქვეყნის ძალიან მყარი პარტნიორი და მხარმდაჭერი, ის არის საქართველოს ხელისუფლების ძალიან მყარი პარტნიორი და მხარდამჭერი. ეს მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა იმ შეხვედრებზე, რომლებიც დღემდე გაიმართა ჩვენს პარტნიორებთან. აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობა არის გარანტია იმისა, რომ საქართველოში მთლიანობაში პოლიტიკური პროცესები სათანადოდ წარიმართება. აშშ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც არის ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი, აქედან გამომდინარე, სახელმწიფოებრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარება ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებშია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება.
ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, აშშ-ში შეხვედრებზე საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე პროცესებსაც.
კერძოდ, კობახიძემ უპასუხა კითხვას, „ხომ არ იყოს საუბარი უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების ზრდასთან დაკავშირებით და ამ კონტექსტში საქართველოს უსაფრთხოებაზე“.
„ჩვენ გვქონდა საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით, ვისაუბრეთ როგორც ჩვენს, კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, ასევე საუბარი გვქონდა უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, ბუნებრივია, ეს ჩვენ ძალიან გვაშფოთებს, მით უმეტეს, საქმე ეხება ჩვენს მეგობარ ქვეყანას, უკრაინას, ბუნებრივია, ეს საკითხი იყო განხილვის საგანი ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან“, – აღნიშნა კობახიძემ.