ირაკლი კობახიძე - აშშ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მხრიდან გაკეთდება ყველაფერი, რათა ეს პარტნიორობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს
ნებისმიერი მხარდამჭერი აქტი, ნებისმიერი ხმამაღალი დოკუმენტი, რომელიც ხაზს უსვამს აშშ-საქართველოს თანამშრომლობას არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის დამტკიცებაზე კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი.
„რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს ამ სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას და ამისთვის ყველაფერი კეთდება, როგორც საქართველოს მხრიდან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ნებისმიერი მხარდამჭერი აქტი, ნებისმიერი ხმამაღალი დოკუმენტი, რომელიც ხაზს უსვამს ამ თანამშრომლობასა და მხარდაჭერას ჩვენთვის, ბუნებრივია, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი მხრიდან გაკეთდება ყველაფერი, რათა ეს პარტნიორობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ დაამტკიცა. კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა, ჯერი კონოლიმ (დემოკრატი) და ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი) წარადგინეს.