ირაკლი კობახიძე - ასეთი პრინციპული არჩევნები 2012 წლის შემდეგ არ გვქონია, ეს არის რეფერენდუმი, სადაც წყდება ომისა და მშვიდობის ბედი
ასეთი პრინციპული არჩევნები 2012 წლის შემდეგ არ გვქონია, ეს არის რეფერენდუმი, სადაც წყდება ომისა და მშვიდობის ბედი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შეხვედრის შემდეგ მცხეთაში ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რომელიც დღეს მცხეთაში დაიწყო და რეგიონების მასშტაბით გაგრძელდება, ისუაბრებენ მიღწევებზე, რომლებიც, მისივე თქმით, საქართველოს გასული 12 წლის განმავლობაში აქვს.
„დღეს დავიწყეთ რეგიონული შეხვედრები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში. დავიწყეთ შეხვედრები მცხეთაში, საქართველოს ისტორიულ დედაქალაქში, რასაც ჰქონდა, რა თქმა უნდა, თავისი ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა. გაგრძელდება ასეთი შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც დაგვიგვირგვინდება თბილისში ცენტრალური შეკრებით.
ჩვენი კამპანიის ფარგლებში ვისუაბრებთ იმ მიღწევებზე, რომლებიც აქვს ჩვენს ქვეყანას გასული 12 წლის განმავლობაში და ასევე გვექნება საუბარი კონკრეტულ სამომავლო დაპირებებზე. ერთი, რაც უნდა ითქვას, ეს არჩევნები არის უპრეცედენტოდ პრინციპული და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 2012 წლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ყოველი არჩევნები იყო ერთმანეთზე პრინციპული, მაინც, ასეთი პრინციპული არჩევნები 2012 წლის შემდეგ არ გვქონია. ეს არის, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რეფერენდუმი, სადაც წყდება ომისა და მშვიდობის ბედი, სადაც სასწორზე დევს ასეთი პრინციპული საკითხები. აქედან გამომდინარე, საზოგადოებისთვის არჩევანი არის მარტივი, არჩევანი უნდა გაკეთდეს მშვიდობის სასარგებლოდ, ქრისტიანული ფასეულობების სასარგებლოდ და საქართველოს ნათელი ევროპული მომავლის სასარგებლოდ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.