ირაკლი კობახიძე - არსებული ტენდენციიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება, ითქვას, რომ 2030 წლისთვის სიღარიბე უნდა აღმოიფხვრას ჩვენს ქვეყანაში
წარმოდგენილი საარჩევნო პროგრამის თანახმად, ჩვენ შეგვიძლია 4%-მდე შევამციროთ სიღარიბის დონე ჩვენს ქვეყანაში. 2012 წელს ეს მაჩვენებელი იყო 30%,1 120 000 ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სიღარიბის მაჩვენებელი, 2023 წლის მონაცემებით, შემცირებულია 440 000-მდე, ანუ 11.8 %-მდე, ხუთ წელიწადში კი შესაძლებელი და რეალისტურია, რომ ეს ციფრი 4 %-მდე დავიდეს.
„ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ რაც იყო წარმოდგენილი ციფრები, დაპირებების სახით, ყველა არის როგორც ამბიციური, ასევე რეალისტური. 4% არის აბსოლუტურად რეალური ამოცანა, ხუთ წელიწადში ჩვენ შეგვიძლია 4%-მდე შევამციროთ სიღარიბე, რაც ნიშნავს იმას, რომ მაქსიმალური რაოდენობა სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანების იქნება 150 000. თუმცა ამის მიღმაც შეიძლება, კიდევ უფრო მაღალი შედეგის მიღწევა. რა თქმა უნდა, პოლიტიკური სტაბილურობა ამ კუთხით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. 4% არის ის მინიმალური შედეგი, ვფიქრობთ, რაც არის მიღწევადი 2028 წლისთვის. ამ ტენდენციით თუ გავაგრძელებთ, ვფიქრობთ, რომ 2030 წლისთვის უკვე შეგვიძლია ვიფიქროთ სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრაზე ჩვენს ქვეყანაში. არსებული ტენდენციიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2030 წლისთვის სიღარიბე უნდა აღმოიფხვრას ჩვენს ქვეყანაში. თუ ყველაფერი გაგრძლდა ისე, როგორც დღეს მიდის, 2030 წელს ჩვენ მივიღებთ სწორედ ამ შედეგს,“- განაცხადა პრემიერმა.