ირაკლი კობახიძე - არსებობს მზაობა, რომ გარკვეული კრიტერიუმების საფუძველზე მოხდეს უბნების გადათვლა, მიუხედავად იმისა, რომ ოქმებს ხელს აწერენ ოპოზიციიდან დანიშნული კომისიის წევრებიც
მმართველი გუნდის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებობს მზაობა, რომ გარკვეული კრიტერიუმების საფუძველზე მოხდეს უბნების გადათვლა.
აღნიშნული კომენტარით კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ საარჩევნო უბნების რვა პროცენტის შემთხვევაში, ხმის დათვლის ოქმებში არსებობდა გარკვეული დისბალანსი, რის გამოც უბნების შედეგების ხელახალ დათვლას ითხოვენ.
კობახიძის თქმით, არსებობს უბნების გადათვლის მზაობა მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ოქმს ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი, მათ შორის ოპოზიციიდან დანიშნული წევრები.
„რაც შეეხება გადათვლას, ამასთან დაკავშირებით ჩვენც გვქონდა კონსულტაციები და ზოგადად, არსებობს მზაობა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ გარკვეული კრიტერიუმების საფუძველზე მოხდეს უბნების გადათვლა, მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ოქმს ხელს აწერს ყველა კომისიის წევრი, მათ შორის ოპოზიციიდან დანიშნული კომისიის წევრებიც. ამის მიუხედავად, რამდენაც ვიცი, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც აქვს ამის მზაობა, შესაბამისად, ეს იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, კობახიძემ უპასუხა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადების იმ ნაწილსაც, სადაც საუბარია, რომ „მმართველი პარტია არ მოერიდა მოქალაქეთა პატრიოტული გრძნობებით მანიპულირებას და, სავარაუდოდ, ამ მიზნით, წამოიწყო ე.წ. კარტოგრაფების საქმე, რასაც, მაღალი ალბათობით, ორი უდანაშაულო ადამიანის დაკავება მოჰყვა“.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, დავით გარეჯის საკითხი ძალიან სენსიტიურია და მნიშვნელოვანია, ამ საქმეს ნათელი მოეფინოს. კობახიძე ამბობს, რომ მას არჩევნებთან კავშირი ვერ ექნება.
„რაც შეეხება დავით გარეჯის საკითხს, იცით, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, სენსიტიური საკითხი, რომელიც უკავშირდება საქართველოს ეროვნულ იდენტობას, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეს მოეფინოს ნათელი. ბუნებრივია, არჩევნებთან და პოლიტიკასთან პირდაპირი კავშირი ვერ ექნება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.