ირაკლი კობახიძე - არსებობს კონკრეტული ჯგუფი, რომელიც არის ჩემი უშუალო საყრდენი, ეს არც ეჭვიანობის და არც არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველი არ უნდა გახდეს
ნამდვილად არსებობს კონკრეტული ჯგუფი, რომელიც არის ჩემი უშუალო საყრდენი – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართული ბრიფინგის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტში ურთიერთობების იერარქიის შესაბამისად წარმართვა ნორმალური პროცესია.
„ნამდვილად არსებობს კონკრეტული ჯგუფი, რომელიც არის ჩემი უშუალო საყრდენი. ესენი არიან პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები, უმრავლესობის ლიდერი და ფრაქციის თავმჯდომარე. პარლამენტში პროცესები უნდა წარიმართოს იმ იერარქიის შესაბამისად, რომელიც არის ჩამოყალიბებული. ამას ემატებიან კომიტეტების თავმჯდომარეები, ფრაქციების თავმჯდომარეები და ასე შემდეგ. ეს არის პარლამენტში ნორმალური პროცესი, როდესაც იერარქიის შესაბამისად განისაზღვრება ურთიერთობები. ბუნებრივია, პირველი საყრდენი ჩემთვის არის პირველი მოადგილე, მოადგილეები, უმრავლესობის ლიდერი, ფრაქციის თავმჯდომარე და ეს არ უნდა გახდეს არც ეჭვიანობის და არც არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, გუნდში დემოკრატიული პროცესები მიმდინარეობს, იმართება საკითხების სიღრმისეული განხილვა და ხშირად ტარდება თავისუფალი კენჭისყრა.
„ჩვენ უმრავლესობის სხდომების ფორმატში ურთიერთობა 116-ვე დეპუტატთან გვაქვს. ამ კუთხითაც დისკუსიის ნაკლებობა არ გვაქვს. მე მიმოვიხილე 20 გადაწყვეტილება დაახლოებით, საკვანძო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო პარლამენტმა გასული წელიწადნახევრის განმავლობაში და ოცივე საკითხთან დაკავშირებით გვქონდა სიღრმისეული განხილვა უმრავლესობის ფორმატში. თითოეულ დეპუტატს ჰქონდა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება. უფრო მეტიც, ჩვენთან არის ძალიან დემოკრატიული პროცესები და ხშირად ტარდება თავისუფალი კენჭისყრები, მაგალითად, თავისუფალი კენჭისყრა ჩატარდა კვოტირებასთან დაკავშირებით, ნინია კაკაბაძის არჩევასთან დაკავშირებით და ესეც ბუნებრივია, შიდაპარტიული, დემოკრატიული პროცესის ნაწილია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.