ირაკლი კობახიძე - არის გარკვეული საკითხები, რაზეც არ უნდა ეცადო პოლიტიკური ქულების დაწერას, იმდენად ამაზრზენია სპეკულაციები, რომლებიც მოვისმინეთ, რომ ყველაფერი ნათელი გახდა
ასეთი ინიციატივები, ბუნებრივია, არავის უკვირს, მინდა, შეგახსენოთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, სტანდარტების შესაბამისად, საგამოძიებო პროცესი დაწყებულია, რომ ყველა დეტალი იყოს შესწავლილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შოვში მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, შოვში მომხდარზე საგამოძიებო პროცესს წარმართავს საქართველოს პროკურატურა.
„სტანდარტის მიხედვით, როდესაც იწყება ჩვეულებრივი გამოძიება, იქ არ იქმნება ხოლმე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიები, თუმცა აქაც ახერხებს, სამწუხაროდ, ეს კონკრეტული პოლიტიკური ძალა სპეკულირებას, რაც ძალიან სამწუხაროა. არის გარკვეული საკითხები, რასთან დაკავშირებითაც არ უნდა ეცადო პოლიტიკური ქულების დაწერას, მათ სცადეს პოლიტიკური ქულების დაწერა მთელი ამ დღეების განმავლობაში, თუმცა უკან შეუბრუნდათ ეს ყველაფერი. იმდენად ამაზრზენი იყო ის სპეკულაციები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ შოვის თემასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებისთვის აბსოლუტურად ნათელი გახდა ყველაფერი. კიდევ ერთხელ ვურჩევ ყველას, რომ არ ეცადონ ისეთი თემებით სპეკულირებას, რომლებითაც სპეკულირება უბრალოდ არ შეიძლება“, – განაცხადა კობახიძემ.