ირაკლი კობახიძე - არიან ვიღაცები, ვისაც ფურცლები მიაქვთ სახელმწიფო დეპარტამენტში, დიდი იმედი გვაქვს, ახალი ელჩის პირობებში ასეთი ფაქტები აღარ განმეორდება, საკადრო თემები ბევრ რამეს წყვეტს
სალომე ზურაბიშვილმა სამჯერ შეცვალა პოზიცია და სამი სხვადასხვა გადაწყვეტილება გამოაცხადა სამ დღეში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„ჯერ თქვა, რომ როგორც კი მიმართავდა იუსტიციის სამინისტრო, მაშინვე შეუწყვეტდა მოქალაქეობას ოთარ ფარცხალაძეს. მერე თქვა, რომ არ შეუწყვეტდა ფარცხალაძეს მოქალაქეობას. ანუ, გადაწყვეტილება გაახმოვანა და მესამე დღეს, როდესაც სხვადასხვა მხრიდან კრიტიკა წამოვიდა, უკვე თქვა, მე ეს გადაწყვეტილება კი არ მივიღე, სამი თვე მაქვს და იმას დავუცდიო. Ანუ, სამჯერ სხვადასხვა განცხადება გააკეთა. რატომ? იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი კანონის და კონსტიტუციის დაცვის მოტივით კი არ მოქმედებს, ის მოქმედებს მხოლოდ პოლიტიკური მოტივით. ეს არის მისი დამოკიდებულება“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ეროვნული ბანკისა და იუსტიციის სამინისტროს დამოკიდებულება არის კონსტიტუციისა და კანონის დაცვა, რადგან ისინი დამოკიდებული არ არიან გარე გავლენებზე.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, უქმნის თუ არა მმართველ გუნდს გარკვეულ უხერხულობას ის ფაქტი, რომ რომ მისმა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა საკუთარ ქვეყანას დაუმალა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის შესახებ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძე ათი წლის წინ იყო მთავარი პროკურორი და მას შემდეგ მას არავითარი საჯარო თანამდებობა არ უკავია და, შესაბამისად, საჯარო სამსახურთან დაკავშირებული დამატებითი პასუხისმგებლობა არ აქვს.
„კანონის დონეზე წერია, რომ არ შეიძლება, შეუტყობინებლად იყო ორი ქვეყნის მოქალაქე. ეს არ არის სანქცირებადი დარღვევა და პლუს, ოთარ ფარცხალაძე ათი წლის განმავლობაში აღარ იყო საჯარო სამსახურში. ეს შესაბამისი მოქალაქის საქმეა და რაც შეეხება ხელისუფლებას, მისი საქმეა, რომ კანონთან შეუსაბამო მოცემულობას როცა გამოავლენს, ზომები მიიღოს, რაც მოხდა კიდეც იუსტიციის სამინისტროს მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ.
შეკითხვაზე, მოითხოვა თუ არა ხელისუფლებამ პარტნიორისგან კონკრეტული მტკიცებულებები ისეთი ტიპის ბრალდებაზე, როგორიც არის რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს სუს-ის პრეროგატივაა, რომელმაც ამ თემასთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო, მტკიცებულებების გამოთხოვა საგამოძიებო პროცედურის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია და, წესით, სუს-ის მიერ მიმართვა უკვე უნდა იყოს გაგზავნილი.
რაც შეეხება შეკითხვას, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ სუს-ი მიიღებს გარკვეულ ინფორმაციას, იქიდან გამომდინარე, რაც მოსამართლეებთან დაკავშირებით ვიხილეთ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ცუდი მაგალითი გვაქვს, თუმცა ეს ცუდი მაგალითი განმეორდება თუ არა, დრო აჩვენებს და მოვლენებს წინ არ გაუსწრებს.
ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ იმედი აქვს, ახალი ელჩის პირობებში ასეთი ფაქტები აღარ განმეორდება.
„არიან ვიღაცები, ვისაც ფურცლები მიაქვთ სახელმწიფო დეპარტამენტში და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, ახალი ელჩის პირობებში ასეთი ფაქტები აღარ განმეორდება. საკადრო თემები ბევრ რამეს წყვეტს სინამდვილეში. როდესაც ელჩზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, რაღაც უფრო ფართო კონტექსტს ვგულისხმობ და, სწორედ ამ ფართო კონტექსტის გათვალისწინებით, დიდი იმედი მაქვს, რაც აბსტრაქტული იმედი არ არის, რომ ახალი ელჩის პირობებში ასეთი ფაქტები აღარ განმეორდება, როცა, მაგალითად, მოსამართლეებს სჯიან მტკიცებულების გარეშე ან როცა მოსამართლეს იბარებენ და ანგარიშს სთხოვენ კონკრეტულ საქმეზე. თქვენ გახსოვთ, რა მოხდა მოსამართლე ჩხიკვაძესთან დაკავშირებით, როდესაც კონკრეტულ საქმეზე პირდაპირ მოსთხოვეს პასუხი, რაც კონსტიტუციაში წერია, რომ დაუშვებელია. ასეთი ანტიკონსტიტუციური ქმედება განახორციელა საელჩოს კონკრეტულმა თანამშრომელმა მოსამართლის მიმართ. მე დიდი იმედი მაქვს, ახალი ელჩის პირობებში ასეთი რაღაცები არ განმეორდება და, მათ შორის, მტკიცებულებებზე დაუფუძნებელ ფურცლებსაც აღარ მიიტანენ ხოლმე მომავალში სახელმწიფო დეპარტამენტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.