ირაკლი კობახიძე - არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მოქმედებენ რადიკალური დღის წესრიგით, მათგან გამიჯვნა პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ხელი არ შეეწყოს პოლარიზაციას
შარშან, სამ თვეზე მეტხანს „ნაცმოძრაობა“ ხელს არ აწერდა მიშელის დოკუმენტს და ამ ადამიანებს ჩვეულებრივად ხვდებოდნენ, ვახშმობდნენ მათთან ერთად, ფოტოებს იღებდნენ, ეს იყო წამახალისებელი იმისთვის, რომ ხელი არ მოეწერათ დოკუმენტისთვის და გაეგრძელებინათ საბოტაჟი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა კომენტარი სთხოვეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ხელაშვილის განცხადებაზე, რომელმაც თქვა: „დასავლეთში გვეკითხებიან, რატომ არის საქართველოში პოლარიზება?“ მათ ვუბრუნებთ – „პოლარიზება სწორედ იმის გამოა, რომ რადიკალები იკვებებიან თქვენთან ურთიერთობით, რითაც მათ თავის თავში ექმნებათ ლეგიტიმაცია“.
კობახიძის თქმით, არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მოქმედებენ რადიკალური დღის წესრიგით და მათგან გამიჯვნა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ ხელი არ შეეწყოს პოლარიზაციას.
„არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც აქვთ რადიკალური დღის წესრიგი, შარშან ისინი არ შემოდიოდნენ პარლამენტში, საბოტაჟს უწყობდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებს. წელს, უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში დაიწყეს ანტისამთავრობო აქციების გამართვა. გაუგონარი რამ იყო, ერთადერთი ქვეყანა იყო საქართველო, სადაც ომის დაწყების მეორე დღეს გაიმართა ანტისამთავრობო აქცია. ეს ყველაფერი მეტყველებს, რა თქმა უნდა, მათ რადიკალურ ბუნებაზე და დღის წესრიგზე. ასეთ დროს მათგან გამიჯვნა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ ხელი არ შეეწყოს პოლარიზაციას და ამაზე საუბრობდა გიორგიც. შეფასებადია ეს ყველაფერი.
შარშან, 100 დღის განმავლობაში, სამ თვეზე მეტი „ნაცმოძრაობა“ ხელს არ აწერდა მიშელის დოკუმენტს და ამ ადამიანებს ჩვეულებრივად ხვდებოდნენ, ვახშმობდნენ მათთან ერთად, ფოტოებს იღებდნენ და ეს იყო, რა თქმა უნდა, წამახალისებელი იმისთვის, რომ მათ ხელი არ მოეწერათ და გაეგრძელებინათ საბოტაჟი. მსგავსი მოვლენები წელსაც ფიქსირდება, რაც ძალიან ცუდია. ეს ყველაფერი ხელს უწყობს, ბუნებრივია, პოლარიზაციას. გამიჯვნა რადიკალური დღის წესრიგისგან არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.