ირაკლი კობახიძე - არიან ცალკეული ორგანიზაციები, რომლებიც უტევენ რწმენას, რელიგიას და ოჯახურ ფასეულობებს
არიან ცალკეული ორგანიზაციები, რომლებიც უტევენ რწმენას, რელიგიას და ოჯახურ ფასეულობებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ჟურნალისტებმა კობახიძეს ჰკითხეს, იზიარებს თუ არა „ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ლადო კახაძის პოზიციას, რომელმაც „პალიტრანიუსის“ ეთერში აღნიშნა, რომ ოჯახურ ფასეულობებს აქტიურად ებრძვიან.
ირაკლი კობახიძის თქმით, ამ მიმართულებით როგორც პოლიტიკოსების, ასევე საზოგადოების გააქტიურება მნიშვნელოვანია.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი ღირებულებები და ამ ღირებულებებს იზიარებს ბატონი ლადო კახაძეც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ მიმართულებით სვლა, რასაც ჰქვია ტრადიციები, ევროპული სტანდარტების დამკვიდრება და ზუსტად ამას გულისხმობს ბატონი ლადოც. არის ძალიან მნიშვნელოვანი ფასეულობები, მათ შორის ოჯახი, რელიგია, რწმენა, რომელსაც სამწუხაროდ უტევენ კონკრეტული სუბიექტები და ამ ფასეულობებს ბუნებრივია, დაცვა სჭირდება. ამას სჭირდება დაცვა, როგორც პოლიტიკოსების მხრიდან, ასევე საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან. არიან სუბიექტები, მათ შორის არიან ცალკეული ორგანიზაციები, რომლებიც უტევენ პირდაპირი ფორმით რწმენას, რელიგიას, ასევე უტევენ ოჯახურ ფასეულობებს. არ მინდა ჩაღრმავება, მთავარია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ ეს ფასეულობები“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.