საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანთა გატაცება თითქმის ყოველდღიურად ხდება, საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება ცხინვალის ციხეში იყო კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება არ არის გაყინული კონფლიქტი, – ამის შესახებ უკრაინაში რიგით მეორე საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე – „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: რეგიონული და უსაფრთხოების თანამშრომლობის საპარლამენტთაშორისო კომპონენტის განმტკიცება ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთქმედების განვითარებით“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ ოკუპაციის შედეგებზე უსაფრთხოების პანელზე – „უსაფრთხოების ახალ გამოწვევებთან გამკლავება“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან მიმართებით პრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებს და ამ პოლიტიკას ფართოდ უჭერენ მხარს ჩვენი დასავლელი პარტნიორები.
„ჩვენი თანამშრომლობა ეფუძნება ძალიან მნიშვნელოვან კავშირებს ჩვენს სამ ერს შორის, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს საერთო გამოწვევები, განსაკუთრებით, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ჩვენს ერთად დგომას, უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებთან ერთად გამკლავებას და ჩვენი თანამშრომლობის საპარლამენტთაშორისო განზომილება ამისთვის კიდევ ერთ შესაძლებლობას მოგვცემს.
ჩვენ ყველა, რუსული აგრესიის მსხვერპლი ვართ. საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან მიმართებით პრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებს და ამ პოლიტიკას ფართოდ უჭერენ მხარს ჩვენი დასავლელი პარტნიორები.
ჩვენ მნიშვნელოვნად შევცვალეთ მიდგომა რუსეთის ფედერაციასთან და გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ რუსეთთან ურთიერთობაში. ეს პროგრესი, ძირითადად, ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ ურთიერთობებს უკავშირდება, ხოლო, რაც შეეხება პოლიტიკურ პროგრესს, ამ მხრივ ნულოვანი შედეგია. რუსეთი რჩება აგრესიულ ძალად და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში-აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მძიმე ვითარებაა. მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ. ადამიანთა გატაცება თითქმის ყოველდღიურად ხდება. საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება ცხინვალის ციხეში იყო კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება არ არის გაყინული კონფლიქტი, არამედ, ამ ვითარებას მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის მოაქვს სიკვდილი და ადამიანის უფლებების ხელყოფა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთში არსებულ პრობლემებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს საერთაშორისო საზოგადოებამ.
„ვიცით, რომ ჩვენი უკრაინელი და მოლდოველი მეგობრებიც იმავე პრობლემების წინაშე დგანან. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სამივე ქვეყნისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოება იდგეს ჩვენთან ერთად. უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს ერთობლივი ძალისხმევა უზრუნველყოფს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მეტი ყურადღება მიაქციოს ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებს.
ცხადია, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ქვეყნის განვითარებას და გამოცდილების გაზიარება ჩვენი სამივე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა ტიპის დემოკრატიულ რეფორმებს, ეკონომიკურ რეფორმებს, სოციალურ რეფორმებს, რათა ჩვენი ქვეყნები გავაძლიეროთ.
საბოლოოდ, ეს რეფორმები ღირებულებებთანაა კავშირში. ჩვენ გვინდა, შევქმნათ ისეთი სისტემები, რომლებიც დასავლურ ღირებულებებს, ევროპულ ღირებულებებს ეფუძნება და გვწამს, რომ ამ რეფორმების მეშვეობით, საბოლოოდ, ჩვენი მთავარი სტრატეგიული და საგარეო პოლიტიკის მიზნები მიღწეული იქნება. ჩვენ მზად ვართ, ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ ჩვენს მეგობრებს უკრაინიდან და მოლდოვიდან და რა თქმა უნდა, მზად ვართ, მათგანაც მივიღოთ საქართველოსთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი გამოცდილება.
კიდე ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს საერთო გამოწვევები და გვაკავშირებს საერთო მიზნები, რომლებიც, ძირითადად, დასავლურ ინტეგრაციას და შიდა რეფორმებს უკავშირდება.
და თუ ჩვენ ერთად ვიდგებით, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, გვწამს, რომ ჩვენს ძალისხმევა დასავლური ინტეგრაციისა და შიდა რეფორმების მიმართულებით, წარმატებული იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, რაც შეეხება დასავლურ ინტეგრაციას, ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება.
„პირველ რიგში, ეს არის ქართველი ხალხის ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. ქართველ ერს სწამს, რომ ჩვენ ისტორიულად ვართ დაკავშირებული ევროპულ ოჯახთან და ვიზიარებთ იმავე ღირებულებებს, რაზეც ევროკავშირია დაფუძნებული. სწორედ ეს აძლიერებს ჩვენს მისწრაფებებს.
ევროპული ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა ქართველ ხალხში მაღალია.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული ნება ქართველი ერისა, რათა გახდეს ევროპული ოჯახისა და ევროატლანტიკურ ოჯახის სრულუფლებიანი წევრი და თუ ჩვენ ერთად ვიდგებით, მაშინ, გვწამს, რომ ამ მიზნებს მივაღწევთ.
მე ვახსენე პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან. პრაგმატული პოლიტიკა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ წითელი ხაზები არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე წითელი ხაზები, რომლებიც რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობას, პრაგმატულ პოლიტიკას უკავშირდება. ეს წითელი ხაზები დაკავშირებულია ორ მთავარ საკითხთან: პირველი – ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა – ეს წითელი ხაზი არასდროს იქნება გადაკვეთილი ქართველი ხალხის და საქართველოს ხელისუფლების მიერ და მეორე საკითხი – ეს არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. ეს არის მკაფიო პრიორიტეტები ჩვენთვის და ჩვენ ვმოქმედებთ მათ შესაბამისად“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.