ირაკლი კობახიძე - არჩევნებით განისაზღვრება, როგორ წარიმართება დემოკრატიული პროცესები ქვეყანაში, არ უნდა მივცეთ არავის შესაბამისი ინსტიტუტების საბოტაჟის საშუალება
ჩვენთვის მთავარია, ნებისმიერი სცენარისგან დავაზღვიოთ სახელმწიფო ინსტიტუტები. არჩევნებით განისაზღვრება, როგორ წარიმართება დემოკრატიული პროცესები ქვეყანაში, ჩვენ არ უნდა მივცეთ არავის ასეთი ინსტიტუტების საბოტაჟის საშუალება და სწორედ ამას ემსახურებოდა კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მოქმედი კანონის თანახმად, ცესკო-ს თავმჯდომარის მიერ თანამდებობის დატოვების შემთხვევაში მის პოზიციას იკავებდა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის, კონკრეტულად, „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი, რაც მიუღებელია, რადგან ცესკო-ს თავმჯდომარე არ შეიძლება, იყოს მიკერძოებული და პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანი.
„რაც შეეხება ცესკო-ს, მე ვერ შევალ ასეთ დეტალებში, თუმცა ასეთი რისკები ყოველთვის არსებობს. არსებული კანონმდებლობა ქმნიდა ჩიხურ ვითარებას, როდესაც ორი წლის წინ ექვსი თვით არჩეული ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრები იკავებდნენ თანამდებობას. გარდა ამისა, მოქმედი კანონის თანახმად, ცესკო-ს თავმჯდომარის მიერ თანამდებობის დატოვების შემთხვევაში მის პოზიციას იკავებდა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის, კონკრეტულად, „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი, მიკერძოებული ადამიანი. ხომ ყველას გვესმის, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე არ შეიძლება, იყოს მიკერძოებული და პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანი. არ გამოვრიცხავ არავითარ სცენარს, მით უმეტეს, რომ არჩევნების საბოტაჟი არის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, ისინი ყველაფერზე წავიდოდნენ. ჩვენთვის მთავარია, ნებისმიერი სცენარისგან დავაზღვიოთ სახელმწიფო ინსტიტუტები და ცესკო არის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტიტუტი, რომლის ხელშია ერთ-ერთი უმთავრესი დემოკრატიული ინსტრუმენტი, ეს არის არჩევნები. სწორედ არჩევნებით განისაზღვრება, საბოლოო ჯამში, თუ როგორ წარიმართება დემოკრატიული პროცესები ქვეყანაში. ჩვენ არ უნდა მივცეთ არავის ასეთი ინსტიტუტების საბოტაჟის საშუალება და სწორედ ამას ემსახურებოდა ის კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო ცოტა ხნის წინ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.