ირაკლი კობახიძე - არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო საგარეო ჩარევის ფონზე, გარე ჩარევა ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს არჩევნების შედეგებზე, ყველამ იცის, ვინ ვინ არის, რას ემსახურება ასეთი ჩარევები
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო, უხეში საგარეო ჩარევის ფონზე, რაც არის საარჩევნო პრინციპების ძალიან მკაფიო დარღვევა.
კობახიძის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ საქართველოში აღარასდროს დაბრუნდეს ავტორიტარიზმი და აგენტურის მმართველობა.
„ეს არის ძალიან სამწუხარო. კარგი ისაა, რომ გარე ჩარევა ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს, საბოლოო ჯამში, არჩევნების შედეგებზე. ყველამ იცის, ვინ ვინ არის, რას ემსახურება, მათ შორის, ასეთი ტიპის გარე ჩარევები. როდესაც დემოკრატიის ფესტივალს უწოდებ ღონისძიებას, სადაც გამოფენილია სააკაშვილის სურათები, იქ ნათელია, რომ სინამდვილეში საქართველოში ვიღაც ცდილობს, ჩაატაროს ავტორიტარიზმის ფესტივალი და საქართველოში დააბრუნოს ავტორიტარიზმი. ამ ავტორიტარიზმის შედეგი იყო, მათ შორის, 2008 წლის ომი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ავტორიტარიზმი აღარასდროს დაბრუნდეს საქართველოში, რათა აგენტურის მმართველობა აღარასდროს დაბრუნდეს საქართველოში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.