ირაკლი კობახიძე - არცერთ შემთხვევაში არ ვალაპარაკებთ სასამართლოზე „ნაცმოძრაობას“, რომელმაც თავის დროზე შექმნა კრიმინალური სასამართლო სისტემა, რასაც უამრავი ადამიანი შეეწირა
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ რეგისტრაციის არგავლის გამო სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე ვერ დადგა, კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მათი მხრიდან ეს იყო სოლიდარობის აქტი.
კობახიძის თქმით, კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ და სოლიდარობა ქართველი მოსამართლეების მიმართ.
„კვლავაც ყველაფერს გავაკეთებთ, რათა „ნაცმოძრაობამ“ საქართველოში არ შექმნას საგამოძიებო კომისია სასამართლოს საკითხებზე. ეს არის პრინციპულად მიუღებელი ჩვენთვის, პრინციპის საკითხია. რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, უცხოელ აგენტებს ჩვენ ვერ შევაქმნევინებთ საგამოძიებო კომისიას სასამართლოსთან დაკავშირებით. სასამართლო აუცილებლად დარჩება დამოუკიდებელი, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ და არავის მივცემთ საშუალებას, რომ ეს მიღწევა რაიმე ფორმით დაჩრდილოს. გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო სასამართლო სისტემაში 2012 წლამდე, იყო უმძიმესი ვითარება, სისხლიანი, კრიმინალური სასამართლო სისტემა, რომელსაც უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ სააკაშვილი და ადეიშვილი. ეს დრო საქართველოში არასდროს დაბრუნდება.
არავის არაფრის ეშინია. რაც შეეხება გამოძიებას, აქ არავითარი პრობლემა არ არსებობს, მაგრამ პრობლემა არის იმაში, რომ „ნაცმოძრაობა“, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, შექმნას საგამოძიებო კომისია სასამართლოსთან დაკავშირებით. ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ ვალაპარაკებთ სასამართლოზე „ნაცმოძრაობას“, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. „ნაცმოძრაობა“ არის კრიმინალური, სისხლიანი პოლიტიკური ძალა, რომელმაც თავის დროზე შექმნა სისხლიანი, კრიმინალური სასამართლო სისტემა. ამ სისტემას შეეწირა თავის დროზე უამრავი ადამიანის სიცოცხლე, უამრავი ადამიანის ჯანმრთელობა, უამრავი ადამიანის კეთილდღეობა. შესაბამისად, სისხლიან პოლიტიკურ ძალას არავითარი მორალური უფლება არ აქვს, სასამართლოს საკითხებთან დაკავშირებით რაიმე საგამოძიებო კომისია მოითხოვოს“, – აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2012 წლის შემდეგ სასამართლოში ყველა სისტემური პრობლემა არის აღმოფხვრილი.
„აბსოლუტურად ყველამ იცის, რომ სასამართლო სისტემაში არის ფუნდამენტურად გაჯანსაღებული ვითარება, ეს არ არის მხოლოდ რაღაცა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც ჩვენ მივიღეთ 2012 წლის შემდეგ. სასამართლო სისტემაში ფუნდამენტურად, რადიკალურად არის შეცვლილი ვითარება 2012 წლის შემდეგ და არა მარტო შეცვლილია, შეიძლება თამამად ითქვას, რომ სასამართლო ხელისუფლებაში ყველა სისტემური პრობლემა არის აღმოფხვრილი. სწორედ ამის მტკიცებულებაა ის სტატისტიკა, რომელზეც გვქონდა საუბარი. ნახეთ, რომ გუშინ ვერცერთი რეპლიკაც კი ვერ დაუპირისპირეს ამ სტატისტიკას. იმდენად შთამბეჭდავია ცვლილებები, რასაც მოწმობს სტატისტიკური მაჩვენებლები, ვერაფერს ამბობენ ამაზე. სტატისტიკა აჩვენებს, რომ სასამართლოში ყველა სისტემური პრობლემა არის აღმოფხვრილი, ესაა უტყუარი მტკიცებულება, ამას ვერაფერს უპირისპირებს ვერც ოპოზიცია, ვერც ის ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო დეპარტამენტისთვის ამზადებენ განცხადების ტექსტებს, ვერც „ენჯეოები“, უცხოელი აგენტები და ა.შ. ვერავინ უარყოფს, რომ სასამართლოში არის ფუნდამენტურად, რადიკალურად, დრამატულად შეცვლილი ვთარება. შესაბამისად, სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ მთელი ეს კამპანია ისახავს ერთადერთ მიზანს – ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, ამის საშუალებას ჩვენ ვერავის მივცემთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.