ირაკლი კობახიძე - არბიტრაჟმა დაადგინა სიმართლე და ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური, ხაზარაძე დამარცხდა იმის გამო, რომ ჩააგდო ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პროექტი
არბიტრაჟმა დაადგინა სიმართლე და ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური. დამარცხდა ხაზარაძე იმის გამო, რომ მან ჩააგდო ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პროექტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფომ ყველა პირობა შეუქმნა ხაზარაძის კონსორციუმს, რათა მოეზიდათ ინვესტორები, თუმცა მან ვერ შეძლო ინვესტორების მოზიდვა.
„ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური. თქვენ იცით, რომ სახელმწიფომ ყველა პირობა შეუქმნა ხაზარაძის კონსორციუმს, რათა მოეზიდათ ინვესტორები. რამდენჯერმე მოხდა, ასევე, გადავადება მთავრობის გადაწყვეტილებით, თუმცა ვერცერთ შემთხვევაში ხაზარაძემ ვერ შეძლო ინვესტორების მოზიდვა, ჩააგდო ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი, შემდეგ გაკადნიერდა და იქით უჩივლა სახელმწიფოს ამასთან დაკავშირებით. სახელმწიფოსგან ითხოვდა მილიონებს, იმ თითქოს მიყენებული ზიანისთვის, რომელიც მან თითქოს მიიღო სახელმწიფოსგან. არბიტრაჟმა დაადგინა სიმართლე ამ საქმესთან დაკავშირებით და ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური. დამარცხდა ხაზარაძე იმის გამო, რომ მან ჩააგდო ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პროექტი. ამ პროექტის გამო ჩვენ კონსტიტუციაც კი შევცვალეთ, იმის გამო, რომ ხაზარაძეს გაადვილებოდა ინვესტორების მოზიდვა, თუმცა მან ვერცერთი ინვესტორი ვერ მოიზიდა და ეს ყველაფერი დაადგინა სათანადოდ არბიტრაჟმა“, – განაცხადა პრემიერმა.
საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა და, როგორც 30 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა.