ირაკლი კობახიძე - არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის თემით შანტაჟი და სპეკულირება გამოიყენოს საქართველოს უკრაინიზაციისა და აქ მეორე ფრონტის გახსნისთვის
ქართულმა საზოგადოებამ და საქართველოს ხელისუფლებამ არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის თემით შანტაჟი და სპეკულირება გამოიყენოს საქართველოს უკრაინიზაციისა და აქ მეორე ფრონტის გახსნისთვის, ეს არის ის პრინციპული დამოკიდებულება, რაც თითოეულმა ჩვენგანმა და ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა აჩვენოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამბობდნენ, რომ 2023 წელს ქართველ ხალხს მისცეს სტატუსი და არა ხელისუფლებას, თუმცა 2022 წელს იმავე ქართველ ხალხს უსამართლოდ უთხრეს უარი კანდიდატის სტატუსზე.
„არ შეიძლება ასეთი მანიპულაციები. არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულებების გამოვლენა ქართველი ხალხის მიმართ. უნდა იყოს სამართლიანობა უზრუნველყოფილი და არ შეიძლება, ყოველ ჯერზე თითოეული ნაბიჯი გამოყენებული იყოს შანტაჟისთვის – ხან კანდიდატის სტატუსი, ხან მოლაპარაკებების გახსნა და ამის შემდეგ სხვა ნაბიჯები იქნება. მთავარია ჯანსაღი და სამართლიანი მიდგომა. ჩვენ რასაც ვხედავთ, იყო პირდაპირი მცდელობა, რომ „გლობალური ომის პარტიას“ ევროკავშირის თემა გამოეყენებინა საქართველოში ვითარების არევისთვის და ხელისუფლების შესაცვლელად. ასეთი პროცესები სადამდეც მივიდა უკრაინაში, ყველამ ვნახეთ. იქაც, რეალურად, თავის დროზე საბაბად იქნა გამოყენებული სწორედ ევროკავშირის თემა. დეტალებს არ გავიხსენებ, რა მოხდა 2013-2014 წლებში უკრაინაში და, რეალურად, ამ შანტაჟმა უკრაინა დღევანდელ მდგომარეობამდე მიიყვანა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, 2022 წელს შანტაჟი რომ არ გავიდა, ეს, პირველ რიგში, ქართული საზოგადოების დამსახურებაა.
„ქართული საზოგადოება 2022 წლის ივნისში არ აჰყვა შანტაჟის იმ სცენარს, რომელიც აგებული იყო სწორედ კანდიდატის სტატუსის თემაზე და რისი მიზანიც იყო რევოლუციის მოწყობა. გახსოვთ, „ენჯეოები“ ავიდნენ მაშინ პირდაპირ რევოლუციურ სცენაზე, მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და საკუთარი ტექნიკური მთავრობის ფორმირება, თუმცა საზოგადოება მათ არ აჰყვა და, შესაბამისად, საზოგადოება იყო მთავარი, ვინც არ მისცა საშუალება კონკრეტულ ძალებს, ვისაც ჩვენ „გლობალური ომის პარტიას“ ვუწოდებთ, ევროკავშირის თემა გამოეყენებინათ შანტაჟის ინსტრუმენტად ამ ქვეყანაში რევოლუციის მოსაწყობად. მომავალშიც ასე უნდა გავაგრძელოთ ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.