ირაკლი კობახიძე - არავის აღარ მივცემთ საქართველოში მართლმსაჯულების პოლიტიზების საშუალებას, მათ შორის არც კონკრეტულ ევროპარლამენტარებს, რომლებიც სინამდვილეში, „ნაცმოძრაობის“ ლობისტები არიან
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მართლმსაჯულების პოლიტიზების მცდელობები საქართველოში წარმატებული ვეღარ იქნება.
მისივე თქმით, სააკაშვილი სულ მცირე ექვსი წელი იჯდება ციხეში, იმის მიუხედავად, რაც არ უნდა თქვან მათმა ლობისტებმა.
„პრაქტიკულად, სახელი და გვარები არ იცვლება, საქართველოში მთელი ამ ცხრა წლის მანძილზე ერთი და იმავე ლობისტების მხრიდან იყო მართლმსაჯულების პოლიტიზების მცდელობა. ცალკეულ შემთხვევებში, ეს მცდელობა სამწუხაროდ, წარმატებული იყო და რა თქმა უნდა, ხელს უწყობდა პოლარიზაციას ჩვენს ქვეყანაში. იგივე გახსოვთ რურუას, მელიას, უგულავას, ოქრუაშვილის შემთხვევა, ეს იყო მართლმსაჯულების პოლიტიზების უხეში მცდელობები. ასეთი მცდელობები ვერავითარ შემთხვევაში ვეღარ იქნება წარმატებული საქართველოში, ჩვენ არავის, მათ შორის არც კონკრეტულ ევროპარლამენტარებს, რომლებიც სინამდვილეში, „ნაცმოძრაობის“ ლობისტები არიან, აღარ მივცემთ საქართველოში მართლმსაჯულების პოლიტიზების საშუალებას. ამას დაესვა ერთხელ და სამუდამოდ წერტილი. სააკაშვილი სულ მცირე ექვსი წელი იჯდება ციხეში, რაც არ უნდა თქვან მათმა ლობისტებმა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.