ირაკლი კობახიძე - არასდროს ყოფილა ასეთი ფუნდამენტური წინსვლა ნატო-სა და ამერიკის მიმართულებით, ასეთ დროს, საფუძველს მოკლებულია საუბარი, თითქოს „ქართული ოცნება“ არის პრორუსული ძალა
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არასდროს ყოფილა ისეთი ფუნდამენტური წინსვლა, როგორც ნატო-ს ასევე ამერიკის მიმართულებით, როგორც არის დღეს.
მისივე თქმით, ასეთ დროს საუბარი, თითქოს „ქართული ოცნება“ არის პრორუსული, ანტიდასავლური ძალა აბსოლუტურად სფუძველს მოკლებულია.
„განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ ფუნდამენტურად იყო შეფერხებული საქართველოს წინსვლა, როგორც ევროპის, ისე ნატო-ს მიმართულებით, თითქმის სრული სტაგნაცია იყო. 2012 წლიდან დაიძრა პროცესი და შედეგები არის კონკრეტული – ჩვენ მივიღეთ როგორც ასოცირების შეთანხმება, ისე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, ასევე ვიზალიბერალიზაცია. ყველა აღიარებს, პირველ რიგში, ჩვენი ამერიკელი პარტნიორები, რომ არასდროს ყოფილა ასეთი ფუნდამენტური წინსვლა, როგორც ნატო-ს, ასევე ამერიკის მიმართულებით, როგორც არის დღეს, ყველა მიმართულებით გვაქვს ფუნდამენტური წინსვლა, როგორც ნატო-სკენ, ისე ვროკავშირისკენ. ასეთ დროს, ვიღაცები ლაპარაკობენ, თითქოს „ქართული ოცნება“ არის პრორუსული, ანტიდასავლური ძალა და ა.შ. ეს ხომ არის ფუჭი, ცარიელი, აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული. ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ კავშირებზე და საქმეებზე, რომლებიც მათ შორის ხელისუფლებაში ყოფნის დროს გააკეთეს ადმიანებმა. მაგალითად, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის გადაცემა რუსეთის ფედერაციისთვის და შემდეგ ამის გაფორმება ევროსაბჭოს რეზოლუციით, სადაც „ნაცმოძრაობამ“ პირდაპირ ჩაწერა, რომ ქართულმა მხარემ დაიწყო ომი და ამას მოყვა შემდეგ რუსეთის პასუხი, ამას ხელი მოაწერეს, გაუფორმეს რუსეთის ფედერაციას ოკუპაცია“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, ამ ყველაფერს ემატება კონკრეტული ადამიანების კავშირები რუსულ ხაზებთან.
„რას აკეთებენ 2012 წლის შემდეგ, ყველა საქმე, რაც კეთდება, მათ შორის ბოლო შემთხვევა იყო პოზნერის, აბსოლუტურად სამარცხვინო იყო სურათი, რომელიც ვიხილეთ ამ ადამიანების შესრულებით. რაც ვიხილეთ, იყო რუსული საქმე და ემსახურებოდა მთლიანად რუსეთის ინტერესებს. ამ ეჭვს აძლიერებს ის ფაქტი, რომ იმ ორგანიზაციის ლიდერები, რომლებიც სათავეში ედგნენ ამ სამარცხვინო ქმედებებს, იყვნენ წარსულში მჭიდროდ დაკავშირებული რუსეთთან – მაქარაშვილი, ქაცარავა და ა.შ.
2019 წელს რაც მოხდა, იმას ჰქონდა თავისი საფუძველი და ამიტომ მაშინ დასწყისში პროტესტი იყო არა პარტიული, არამედ რეალური, შემდეგ გაგრძელდა პარტიული, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით, ეს იყო პარლამენტში შეჭრის მცდელობა. სადაც შემოვიდა მაშინაც პარტია, პარტიული ელემენტი, მაშინვე გაჩნდა რუსული და ანტისახელმწიფოებრივი საქმე. ასე იყო 2019 წლის 20 ივნისის ღამესაც, მელიას ღამე როცა დაიგეგმა „ნაცმოძრაობის“ და მათი სატელიტების მიერ, იგივე მოხდა ამ შემთხვევაშიც. არა დღე, არამედ 20 ივნისის ღამით და რამდენიმე დღის წინაც გაკეთდა რუსული საქმე ერთი და იგივე პოლიტიკური ძალების მხრიდან, რომლებმაც თავის დროზე ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარეს და გაუფორმეს რუსეთის ფედერაციას, რომლებმაც შემდეგ რუსეთს მისცეს საშუალება, ტურიზმი ჩაეკეტა და ა.შ.“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.