ირაკლი კობახიძე - არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის ინიციატივა უნდა გაიზიაროს ყველა იმ „ენჯეომ“, რომელიც მოქმედებდა და იმოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად
არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის ინიციატივა უნდა გაიზიარონ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც პატივს სცემენ საქართველოში კანონს, კანონისა და სამართლის უზენაესობას, ეს არის ჩვენი ინტერესი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რამდენად გაიზიარებენ ხელისუფლების წინადადებას ის „ენჯეოები“, რომლებიც არ დარეგისტრირდნენ რეესტრში.
მისივე თქმით, ვინც არ დარეგისტრირდა, იმან არ უნდა გაიზიაროს აღნიშნული ინიციატივა.
„ვინც არ დარეგისტრირდა, იმან არ უნდა გაიზიაროს ეს ინიციატივა. ეს ინიციატივა უნდა გაიზიაროს ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც მოქმედებდა დღემდე და მომავალშიც იმოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად. ეს ინიციატივა უნდა გაიზიარონ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც პატივს სცემენ საქართველოში კანონს, კანონისა და სამართლის უზენაესობას, ეს არის ჩვენი ინტერესი“, – განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დაფუძნდება საგრანტო პროგრამა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.