ირაკლი კობახიძე - არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების კრიტერიუმი რეგისტრაცია არ არის, იქნება კონკრეტული, სტანდარტული კრიტერიუმები - კომპეტენცია და კეთილსინდისიერება
რეგისტრაცია არ არის კრიტერიუმი არასამთავრობოებზე დაფინანსების გაცემისთვის, დაფინანსების გაცემისთვის იქნება კონკრეტული კრიტერიუმები – გამოცდილება, კეთილსინდისიერება და კომპეტენცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, კონკურსი როდესაც ცხადდება, ძირითადად არის ხოლმე ორი კრიტერიუმი – კომპეტენცია, კეთილსინდისიერება და ასე იქნება არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შემთხვევაშიც.
„არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისთვის რეგისტრაცია არ არის კრიტერიუმი. მეტიც, ეს შეიძლება იყოს ორგანიზაცია, რომელიც საერთოდ არ ფინანსდება უცხოეთიდან, შესაბამისად, არც ეკუთვნის რეგისტრაცია რეესტრში და მასაც შეუძლია განაცხადის შემოტანა. დაფინანსების გაცემისთვის იქნება კონკრეტული კრიტერიუმები, ეს არის ორგანიზაციის გამოცდილება, კეთილსინდისიერება და კომპეტენცია, რაც სტანდარტული კრიტერიუმებია. ყველა მიმართულებით, როცა კონკურსები ცხადდება, ძირითადად ორი კრიტერიუმია, ესენია კომპეტენცია და კეთილსინდისიერება“, – აღნიშნა პრემიერმა.