ირაკლი კობახიძე - არ ვიცი, ვინ მოატყუა აშშ-ის ელჩი, მისი მხრიდან გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს უკრაინული კანონი გამოწვეული იყო ვენეციის კომისიიდან, ვიღაცას ელჩი ხშირად შეჰყავს შეცდომაში
ძალიან ცუდია, რომ თავის დროზე აშშ-ის ელჩმა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა, როდესაც თქვა, თითქოს უკრაინული კანონი გამოწვეული იყო ვენეციის კომისიიდან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, ვიღაცას ელჩი საკმაოდ ხშირად შეჰყავს შეცდომაში.
„ძალიან ცუდია, რომ თავის დროზე მან შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება, როდესაც თქვა, რომ უკრაინული კანონი თითქოს გამოწვეული იყო ვენეციის კომისიიდან. სამწუხაროა, არ ვიცი, ვინ მოატყუა ელჩი, ყოველ შემთხვევაში, მისი მხრიდან გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რაც ძალიან სამწუხაროა. ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, გახსოვთ, მან არასწორი ინფორმაცია ასევე გაავრცელა ამერიკულ კანონთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. სამწუხაროა, ვიღაცას ელჩი საკმაოდ ხშირად შეჰყავს შეცდომაში. ამ შემთხვევაშიც მისგან გავრცელდა სრულიად არასწორი ინფორმაცია. უკრაინამ ახლა მიიღო დასკვნა ამ კანონთან დაკავშირებით, შესაბამისად, დადასტურდა, რომ ინფორმაცია იყო არასწორი. ელჩმა თქვა არასწორად, თითქოს უკრაინამ გამოიხმო საკუთარი კანონი ვენეციის კომისიიდან. აღმოჩნდა, რომ ეს ტყუილი უთხრეს ელჩს და შემდეგ მან შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა 2022 წლის 22 ნოემბერს განაცხადა, რომ, მისი ინფორმაციით, უკრაინამ დეოლიგარქიზაციის კანონი ვენეციის კომისიიდან გამოიწვია.
ამასთან, ვენეციის კომისიამ მიმდინარე წლის 12 ივნისს გამოაქვეყნა დასკვნა უკრაინულ კანონპროექტზე, რომლის სახელწოდებაა: „ვენეციის კომისიის 135-ე პლენარულ სესიაზე მიღებული მოსაზრება ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის აღკვეთის შესახებ კანონზე, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ან პოლიტიკური წონის მქონე პირების (ოლიგარქების) გადაჭარბებულ გავლენასთან“.
როგორც უკრაინული კანონის შეფასებაშია ნათქვამი: „ამ ეტაპზე, ვიდრე არ შეიცვლება არსებული „პერსონალური მიდგომის“ არსი, ოლიგარქების შესახებ კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებებიც კი არ აღმოფხვრის გარდაუვალ შეუთავსებლობას ევროპის საბჭოს სტანდარტებთან ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში. ამგვარად, ვენეციის კომისიამ დაასკვნა, რომ კანონი არ უნდა იქნას გამოყენებული არსებული ფორმით და უნდა იქნას გამოყენებული „სისტემური“ მიდგომა. აქედან გამომდინარე, რეკომენდაციაა, რომ ქვეყანაში ოლიგარქიული გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად უკრაინის ხელისუფლებამ კანონიერად გადადოს ოლიგარქების შესახებ კანონის შესრულება“.