ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის შემოთავაზების დეტალები არ ვიცი, ამერიკის კონგრესში ისედაც განიხილება ჩვენი მხარდამჭერი დოკუმენტები
არ ვიცი, კონკრეტულად რას ეხება პრეზიდენტის ინიციატივა, დავინტერესდებით და საჭიროებიდან გამომდინარე ვითანამშრომლებთ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის ინიციატივის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომელიც აშშ-ის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებასთან დაკავშირებით, ერთობლივი მუშაობის დაწყებას ეხება.
„მე ამ შემოთავაზების დეტალები არ ვიცი, ამერიკის კონგრესში ისედაც განიხილება ჩვენი მხარდამჭერი დოკუმენტები, მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ორი დოკუმენტის მიღება ამერიკის კონგრესის მიერ და განიხილება ასევე ახალი ინიციატივები.
მე არ ვიცი, კონკრეტულად რას ეხება პრეზიდენტის ინიციატივა, რა თქმა უნდა, დავინტერესდებით ამით და საჭიროებიდან გამომდინარე ბუნებრივია, ვითანამშრომლებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გიორგი მარგველაშვილმა პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, აშშ-ის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტის მისაღებად ერთობლივი მუშაობა დაიწყოს.