ირაკლი კობახიძე - არ შეიძლება, ქართული საზოგადოების აღქმაში ევროპა ასოცირდებოდეს გაუმჭვირვალობასა და ლგბტ პროპაგანდასთან, ეს არ წაადგება ევროკავშირის იმიჯს ქართულ საზოგადოებაში
ჩვენს აღქმაში ევროპა ნიშნავს გამჭვირვალობას, ტრადიციულ, ქრისტიანულ ფასეულობებს. საუკუნეების მანძილზე ქართველები იმიტომ მიილტვოდნენ ევროპისკენ, რომ საერთო ქრისტიანული ტრადიციები და კულტურა გვაერთიანებდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კახეთში, რთველის საკოორდინაციო შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ამის საპირისპიროდ როდესაც საუბარია, თითქოს ევროკავშირი ქრისტიანული ტრადიციების საპირისპირო მოვლენაა, ეს მიუღებელია.
„ჩვენ ჯერ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი. გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი ფუნდამენტური ევროპული პრინციპი და სრულიად უტიფრად ეს კანონი გამოგვიცხადეს რუსულ კანონად. ახლა მივიღეთ მეორე კანონი, რომელიც აწესრიგებს უმარტივეს რამეს, რომ კაცი უნდა იყოს კაცი და ქალი უნდა იყოს ქალი, კაცს უნდა ერქვას კაცი და ქალს უნდა ერქვას ქალი და ამასაც გვიცხადებენ რუსულ კანონად. ეს არის კიდევ ერთი აბსოლუტურად გაუგებარი მოვლენა. არ შეიძლება, ქართული საზოგადოების აღქმაში ევროპა ასოცირდებოდეს გაუმჭვირვალობასა და ლგბტ პროპაგანდასთან. ეს არასწორია, არ წაადგება ევროკავშირის იმიჯს ქართულ საზოგადოებაში. ჩვენს აღქმაში ევროპა ნიშნავს გამჭვირვალობას, ტრადიციულ, ქრისტიანულ ფასეულობებს. საუკუნეების მანძილზე ქართველები იმიტომ მიილტვოდნენ ევროპისკენ, რომ საერთო ქრისტიანული ტრადიციები და კულტურა გვაერთიანებდა. მიუღებელია, როდესაც ამის საპირისპიროდ გეუბნებიან, თითქოს ევროკავშირი დღეს ქრისტიანული ტრადიციების საპირისპირო მოვლენაა. გვჯერა, რომ ევროპას რაც აერთიანებს, პირველ რიგში, ეს არის ქრისტიანული ფასეულობები და სწორედ ამას ეძღვნება კანონი, რომელიც არის მიღებული – ტრადიციული ქრისტიანული ფასეულობების, ოჯახის, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას. ამაშიც კი უარყოფით მხარეს როდესაც ეძებ, ეს ნიშნავს, რომ რაღაც არასწორი გინდა ამ ქვეყნისთვის, ამ შემთხვევაში, საქართველოზე მაქვს საუბარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.